ფეხბურთი

22:13 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-11 ტური: მშვიდობა “ცხელ წერტილში” და კიდევ ერთხელ მსაჯობის შესახებ

ტურის ცხელი წერტილი ქუთაისში იყო. “ქართულ კლასიკოში” ერთმანეთს “ტორპედო” - “დინამო” ხვდებოდნენ. ყველას გვახსოვს მათი ბოლო ჩაშლილი შეხვედრა ქუთაისში, როცა მინდორზე მაყურებელი გადაიჭრა და ერთი ხანი ვითარება უმართავი გახდა. მანამდე არეულობა “დინამო არენაზეც” იყო. ახლა ძველის გახსენება აღარ ღირს და მტყუან-მართლის გარკვევა ჩვენი საქმე არაა. ფაქტია, რომ სიტუაცია დამუხტული იყო და შეიძლებოდა რაღაც ისევ მომხდარიყო. მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა წყნარად ჩაიარა, თუ მცირე ინციდენტს არ ჩავთვლით, როცა პირველი ტაიმის ბოლოს დინამოელთა მეკარე მიგინეიშვილმა (“ტორპედოს” ყოფილი კიპერი) და ქუთაისელმა ქომაგებმა ერთმანეთში “ტკბილი” სიტყვები გაცვალეს. ამჯერად პოლიციამაც კარგად გაართვა თავი მოვალეობას და გულშემატკივრებმაც იყოჩაღეს.

თავსხმა წვიმაში მიმდინარე შეხვედრა კი თბილისელთა გამარჯვებით დამთავრდა. მათ ბოლო დროს გალიდერებული გიორგი პაპუნაშვილი აკლდათ დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო მთავარ მწვრთნელ კახი გოგიჩაიშვილს მამა გარდაეცვალა და მის მოვალეობას სულიკო დავითაშვილი (“აბრეზა”) ასრულებდა. მასპინძლები თენგიზ ჩიკვილაძის გოლით 66-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მერე, 10 წუთის ინტერვალში 23 წლის ნიკა საბანაძემ (რომელიც წლების განმავლობაში “ტორპედოშიც” თამაშობდა) დუბლი მიითვალა და თბილისელებს გაამარჯვებინა.

გორის უმაყურებლო სტადიონზე (დისკვალიფიკაციის მიზეზით) 5 გოლი გავიდა და თამაშიც საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი და ვარლამ კილასონიაც დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნებზე ისხდნენ. მასპინძლები თავიდან აგებდნენ, მაგრამ მოინდომეს და მაინც 3:2 გაიმარჯვეს.

დაახლოებით იგივე ამბავი ხდებოდა მცხეთაშიც. მასპინძელი “ვიტ ჯორჯია” ლევან საბაძის დუბლით უგებდა “ზესტაფონს,” მაგრამ მარგველებმა ხასიათი გამოავლინეს, ჯერ ჯაბა დვალმა უპასუხა დუბლითვე, ბოლოს კი გამარჯვებისა თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. ეს მარგველთა პირველი გამარჯვება იყო ზედიზედ ხუთი ფრეს შემდეგ. დვალი კი ისევ ბომბარდირთა სიას მოექცა სათავეში.

ვაკეში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, ”სპარტაკმა” “სიონს” 2:1 მოუგო და მეორე ადგილზე დაბრუნდა.

მიჯრით მეორედ გაიმარჯვა “ზუგდიდმა.” ეტყობა ბესიკ შეროზიას ბედნიერი ფეხი ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მოუგებელმა “ზუგდიდმა” ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ ქულების მოგროვება დაიწყო.

დაბოლოს, ისევ მსაჯების შესახებ. საბედნიეროდ, ამ ტურში რაიმე გართულება არ ყოფილა. საერთოდ, ბოლო დროს, ცნობილი ინციდენტის შემდეგ, მათდამი ნდობა დაიკარგა და სიტუაცია ლამის უმართავი ხდება. ცხადია, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ, მაგრამ ყოველ ტურში მათი დევნა და მუშტი-კრივი ვითომ გამოსავალია? ალბათ, მათ, ვინც დარჩა, მაინც ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსაჯები ფეხბურთში ისევე აუცილებელნი არიან, როგორც ფეხბურთელები და მწვრთნელები. სხვა შემთხვეავში, გამოსავალი არ ჩანს. შეცდომები კი ყველა ქვეყანაში მოსდით. აი, ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ ოფიციალურად მიღებაც გამოაცხადა სამსაჯო საქმიანობის შესასწავლად.

1 ნოემბერი

კოლხეთი (ფოთი) – სამტრედია 0:0

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 დაჩი ცნობილაძე (21), 1:1 გივი ქარქუზაშვილი (39), 2:1 ირაკლი მოდებაძე (56), 3:1 ნიკა კვეკვესკირი (63), 3:2 გიორგი ალავერდაშვილი (77)

ზუგდიდიგურია (ლანჩხუთი) 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ალექსანდრე კოშკაძე (21), 1:1 შოთა ლომია (41, პენალტით), 2:1 ირაკლი ეხვაია (89)

2 ნოემბერი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 2:3 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 ლევან საბაძე (16, 28), 2:1, 2:2 ჯაბა დვალი (49 პენალტით, 59), თორნიკე კაპანაძე (72)

მერანი (მარტვილი) – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)

გოლი: ლაშა ჯღამაია (81)

სპარტაკი (ცხინვალი) – სიონი (ბოლნისი) 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 გიორგი ცერცვაძე (2), 2:0 რევაზ ქემოკლიძე (25), 2:1 ალეკო გოგობერიშვილი (42)

დინამო (ბათუმი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი) 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (28), 1:1, 1:2 ნიკოლოზ საბანაძე (66, 76)

1. დინამო (თბილისი) 11 8 2 1 23:8 26
2. სპარტაკი 11 6 2 3 12:15 20
3. დილა 10 5 3 2 17:8 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
6. ტორპედო 11 3 6 2 13:11 15
7. მერანი 11 4 3 4 9:8 15
8. ჩიხურა 11 4 3 4 12:12 15
9. ზესტაფონი 11 3 5 3 21:15 14
10. დინამო (ბათუმი) 11 4 2 5 10:11 14
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ვიტ ჯორჯია 11 3 2 6 11:12 11
13. კოლხეთი 11 2 4 5 9:14 10
14. ზუგდიდი 11 2 4 5 7:14 10
15. სიონი 11 2 3 6 10:17 9
16. შუქურა 10 1 5 4 7:15 8

მეგოლეები:

8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14817