ყაზანის “უნიკსმა” ვთბ-ლიგაში ჩეხურ “ნიმბურკს” 81:62 სძლია, თუმცა, რუსული კლუბის ქართველ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
საბედნიეროდ, “ვიკას” ტრავმა არ აქვს, მისი უთამაშებლობის მიზეზი კი ლეგიონერებზე არსებული ლიმიტია. ვთბ-ლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდებს მატჩის განაცხადში 6 ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ, ამჯერად კი, კლუბის თავკაცმა არგირის პედულაკისმა თამაშგარე სწორედ სანიკიძე დატოვა.
ნიმბურკის “სპორტოვნი ჰალაში” გამართულ მატჩში სტუმრებს 16-16 ქულით ამერიკელმა ჯეიმს უაიტმა და ბერძენმა ნიკოს ზისისიმა ულიდერეს, კიტ ლენგფორდმა კი 15 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
ყაზანელებს ვთბ-ლიგაში 4-ვე მატჩი მოგებული აქვთ და მე-2 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს კიდევ ერთ რუსულ კლუბ ნიჟნი ნოვგოროდთან ჩაატარებენ. მანამდე, 6 ნოემბერს, “უნიკსი” ევროლიგის ეგიდით, კაუნასში ჟალგირისს ეთამაშება.
ისიც ვთქვათ, რომ ვთბ-ლიგაში მე-5 ტურის მატჩი დღეს ელის მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს. მოსკოველები რუსულვე “კრასნი ოკტიაბრს” უმასპინძლებენ, თუმცა, ქართველი კალათბურთელი, რომელიც ჯერაც ტრავმირებულია, მოედანზე ვერ გავა.