ფეხბურთი

23:47 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნულოვანი ფრე მომენტებით დახუნძლულ მატჩში

სატურნირო ცხრილის მეზობელთა შეხვედრას ქობულეთმა უმასპინძლა. ზღვისპირეთში მთელი დღე განუწყვეტლივ წვიმდა და საკმაოდ ციოდა. უხვად მოსული ნალექის მიუხედავად “ჩელე არენას” ხელოვნური გაზონი ნორმალურ მდგომარეობაში გახლდათ.

შეხვედრა ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. მუჯირმა კარგი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა შონია, რომლის ძლიერად დარტყმული ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. მე-5 წუთზე მუჯირს თვითონაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა საჯარიმოს კუთხიდან მისი გასროლის შემდეგ ბურთს მცველები გადაეღობნენ და სიტუაცია განმუხტეს.

სტუმართა საპასუხო შეტევა საკმაოდ სახიფათო გამოდგა. მუმლაძემ მოედნის კიდიდან საჯარიმოს შუაგულისკენ გადაინაცვლა და გამოზომილი გადაცემით კუჭუხიძე საგოლე პოზიციაში გაიყვანა, თუმცა ძლიერი დარტყმის შედეგად ბურთი დიდი მანძილით ასცდა კარს.

მე-16 წუთზე ზღვისპირელები აშკარა გოლს გადაურჩნენ. სრულიად უწყინარ სიტუაციაში მცველებმა მამინაშვილთან შეუთანხმებლად იმოქმედეს და ბურთი მუმლაძის მისამართით მოიგერიეს, რომელიც ცარიელ კარში 25 მეტრიდან ურტყამდა. ბათუმელთა გასახარად, ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. დამატებაზე ზემოიმერლებმა ვეღარ ივარგეს. ნახევარი საათის მიწურულს ბათუმელთა მცველებმა კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რითაც კარგად ისარგებლა მუმლაძემ და ბურთს მეკარის ბაქანთან დაეუფლა, თუმცა კუთხე ძალიან მახვილი იყო და მამინაშვილს ვეღარ აჯობა.

ტაიმის ბოლომდე მეტოქეებმა თითო მომენტიც გაცვალეს. ახლო მანძილიდან შესრულებული საჯარიმოდან მუჯირის დარტყმულ ბურთს ქვილითაიამ სწორი პოზიცია შეურჩია და დაუფლება არ გასჭირვებია, ხოლო კუჭუხიძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს ოდიკაძემ თავური დარტყმა მოაყოლა, მაგრამ ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

შეხვედრის მეორე ნახევარი სანახავად უკეთესი გამოდგა. თავიდან ისევ აჭარლებმა შეუტიეს. 51-ე წუთზე ტეტუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე მთელ სიგრძეზე ჩაირბინა და საჯარიმოს რკალთან მყოფ შონიას კარგი გადაცემა გაუკეთა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ამის შემდეგ უპირატესობამ სტუმართა ხელში გადაინაცვლა. 58-ე წუთზე მათ სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. შეტევა კუჭუხიძემ წამოიწყო, რომელიც კორიფაძემ გააგრძელა და განივი გადაცემით დეკანოიძე მოძებნა. საჩხერელი ფეხბურთელი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ ასცდა კარის ძელს.

ხუთ წუთში ზემოიმერლების მოწოდებულ კუთხურს აჭარელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. საჩხერლები ზედიზედ სამჯერ ურტყამდნენ კარის მიმართულებით, თუმცა სამჯერვე მცველებმა იყოჩაღეს და მეტოქეს გატანის საშუალება არ მისცეს.

სტუმართა საპასუხოდ ორი შეტევა აჭარლებმაც განახორციელეს. პირველად ბერიაშვილი ურტყამდა ნახევარბრუნში, თუმცა დარტყმულს ძალა დააკლდა და ქვილითაიას ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. მეორედ ტეტუნაშვილმა გაისროლა საჯარიმოს კუთხიდან, მაგრამ საჩხერელთა კიპერი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

შეხვედრის დამთავრებამდე თხუთმეტი წუთით ადრე ორი საგოლე შანსი ჰქონდა თემურ ღონღაძეს. სოსო ფრუიძის დავალებით იგი ნახევარდაცვაში ირჯებოდა და მთელი თამაში საკმაოდ აქტიური გახლდათ. ორივე მომენტი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული ერთერთ მცველს შეეხო, მიმართულება იცვალა და საპირისპირო კუთხეში მოძრაობადაწყებული მამინაშვილი უსაქმოდ დატოვა, თუმცა ბათუმელთა გასახარად ბურთი ოდნავ ასცდა კარის ძელს. მეორედ კი იგი შემობრუნებით ურტყამდა, მაგრამ მამინაშვილს ვერ აჯობა.

როგორც აღმოჩნდა, შეხვედრის ბოლოს უფრო გამოცდილ იმერლებს მეტი ძალა შერჩენოდათ და მატჩის უკანასკნელი წუთები მათი უპირატესობით წარიმართა.

შეცვლაზე შესული ჩიკვაიძე შეიძლებოდა სულაც მატჩის გმირი გამხდარიყო. 89-ე წუთზე აჭარლები მოედნის ცენტრში დაჯარიმდნენ. სტანდარტული ოდიკაძემ შეასრულა და მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა. ბათუმელი მცველები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ და ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩიკვაიძეს მიუვიდა. საჩხერელთა შემტევს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ისევ ჩიკვაიძეს შეეძლო საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება. თითქმის ზუსტად იგივე სიტუაცია განმეორდა, მაგრამ ამჯერად მცველებმა იყოჩაღეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. კუთხურის გათამაშება სტუმრებს აღარ დასცალდათ. გიორგი ყრუაშვილმა საფინალოდ დაუსტვინა და ნულოვანი ფრე დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ “მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა.

ასლან ბალაძე (დინამო): “მძიმე თამაში გვქონდა. “ჩიხურა” კარგად შეკრული და გამოცდილი გუნდია. ამ მატჩში ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს”.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “შეხვედრის ბოლოს დიდი უპირატესობა გვქონდა. საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ერთ ქულას დავჯერდით. იმედია, მომავალში უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც შესაბამისი გვექნება”.

“დინამო” (ბათუმი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 0:0
2 ნოემბერი. 14.00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 100 მაყურებელი.

“დინამო”: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი (ვ. თევდორაძე 80), დიასამიძე (მაკარიანი 46), ჭკუასელი, მუჯირი (კ) (გოგიტიძე 62), ბერიაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

“ჩიხურა”: ქვილითაია, თ. ღონღაძე, ლ. ჭელიძე, ქიმაძე, კუჭუხიძე, მუმლაძე, კორიფაძე (ჩიკვაიძე 82), დობროვოლსკი, შ. კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე;

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ვ. თევდორაძე (90+2);

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

1. დინამო (თბილისი) 11 8 2 1 23:8 26
2. სპარტაკი 11 6 2 3 12:15 20
3. დილა 10 5 3 2 17:8 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
6. ტორპედო 11 3 6 2 13:11 15
7. მერანი 11 4 3 4 9:8 15
8. ჩიხურა 11 4 3 4 12:12 15
9. ზესტაფონი 11 3 5 3 21:15 14
10. დინამო (ბათუმი) 11 4 2 5 10:11 14
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ვიტ ჯორჯია 11 3 2 6 11:12 11
13. კოლხეთი 11 2 4 5 9:14 10
14. ზუგდიდი 11 2 4 5 7:14 10
15. სიონი 11 2 3 6 10:17 9
16. შუქურა 10 1 5 4 7:15 8

მეგოლეები:

8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.126924