ფეხბურთი

18:50 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკმა" ხასიათი გამოიკეთა

საქართველოს რიგით 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ცხინვალის "სპარტაკი" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ. წინა ტურში "დინამოსთან" 1:6 განადგურების შემდეგ, "სპარტაკმა" დაძაბულ ბრძოლაში ქვემოქართლელები 2:1 დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა.

აღნიშნულ მატჩში სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში კი მოულოდნელად მეორე წუთზე გაიხსნა, როდესაც ლაშა შინდაგორიძე მარცხენა ფლანგზე გაიჭრა რამდენიმე მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში ჩააწოდა; მართალია მეორე სართულზე "სიონმა" იყოჩაღა, თუმცა მარჯვენა ფლანგისკენ გამოტანილ ბურთს გიორგი ცერცვაძემ ძლიერად დაარტყა და ზურაბ ბათიაშვილის კარის ბადე შეარხია - 1:0.

პირველი ტაიმის საწყის წუთებში გამოსარჩევი იყო "სპარტაკის" მარცხენაფლანგელის შინდაგორიძის შეტევები. იგი ბევრს აქტიურობდა და "სიონის" ფეხბურთელებს მასთან გამკლავება უჭირდათ. ბოლნისელები გონს მოეგნენ და მე-18 წუთზე ცხინვალელთა კარი ძელმა იხსნა - ზვიად ლობჯანიძე შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, საჯარიმოს სიღრმეში ვილი ისიანმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო და ძლიერი თავური დარტყმით გიორგი ნადირაძის ზედა ძელი შეაზანზარა. "სპარტაკის" ფეხბურთელებმა შეტევის განეიტრალება კუთხურზე ბურთის გადაგდებით შეძლეს. კუთხურიდან კი კვლავ ლობჯანიძის და ისიანის ტანდემმა იყოჩაღა, თუმცა წინა ეპიზოდისგან განსხვავებით, ვილიმ ბურთი მეორე სართულზე კი მოიგო, მაგრამ კარს ააცილა.

ორიოდე წუთში "სიონის" თავდამსხმელ დავით სირაძეს 100%-ანი საგოლე მომენტი ჰქონდა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის წამოწყების ინიციატორი კვლავ ლობჯანიძე იყო, რომელმაც ბურთი საჯარიმოში შეაგორა, ხოლო ისიანს კარიდან დაახლოებით ორი მეტრიდან ბურთი ფეხზე აუსხლტა, თორემ ანგარიში საყაიმო გახდებოდა.

ვერ გაიტან, გაგიტანენ - ამ პრინციპით წარიმართა ცხინვალელთა შეტევა, სირაძის მომენტიდან ოთხიოდე წუთში გიორგი თექთურმანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად ბათიაშვილმა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, საჯარიმოში არეულობამ დაისადგურა, "სიონმა" ბურთი მოგერიება სცადა, თუმცა კართან ახლოს მყოფ რევაზ ქემოკლიძეს ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცა და - 2:0.

ბათიაშვილის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ჯერი ნადირაძეზეც დადგა - 42-ე წუთზე ლობჯანიძემ კუთხური მოაწოდა, მეორე სართულზე ალექსანდრე გოგობერიძესა და გიორგი ნადირაძის ორთაბრძოლა "სიონთა" მცველის სასარგებლოდ დასრულდა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შემცირდა - 2:1.

უნდა აღინიშნოს ლობჯანიძის აქტიური თამაში, მისი აქტიურობა ერთერთი ნათელი წერტილი გახლდათ ბოლნისელთა თამაშში.

მეორე ტაიმი "სპარტაკის" შეტევებით დაიწყო და მალევე საჯარიმოს მისადგომთან ახლოს მყოფმა გიორგი ივანიშვილმა ბათიაშვილს მარცხენა დაბალი კუთხისკენ დაურტყა, თუმცა ბოლნისელთა მეკარემ ნახტომში ლამაზი სეივი მიითვალა.

შესვენებიდან 30 წუთის განმავლობაში "სიონმა" ცვლილებებს მიმართა და მოედანზე ჯაბა უგულავა, გიორგი განუგრავა და ირაკლი სამხარაძე შევიდნენ. ცვლილებებმა ერთერთ ეპიზოდში შედეგი გამოიღო - ილია კანდელაკმა უგულავას მარცხენა ფლანგზე უპასა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, ნადირაძის მიერ მოგერიებული ბურთი სამხარაძეს მიუვიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა კარს მცირედით ააცილა.

მატჩის ბოლო წუთებისკენ "სიონი" ბოლო ძალებით უტევდა, მეტოქე კი კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს. ერთ ეპიზოდში გიორგი ცერცვაძემ ნიკა კაჭარავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ცხინვალელმა ბურთი ბათიაშვილს გაარტყა, არადა შეეძლო მატჩის ვნებათაღელვა ჩაეცხრო.

მატჩის ბოლოსწინა წუთზე უგულავამ და ქემოკლიძემ წაიკამათეს - მსაჯმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამრიგად, ცხინვალის "სპარტაკმა" ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 20 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, "სიონი" კი გასავარდნ ზონაშია და 9 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზე იმყოფება.

ბოლნისელები მომდევნო მატჩს ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩაატარებენ, ხოლო ცხინვალელები სტუმრად "ზესტაფონს" დაუპირისპირდებიან.

სპარტაკი (ცხინვალი) - სიონი (ბოლნისი) 2:1 (2:1)

2 ნოემბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი 2".

სპარტაკი: გიორგი ნადირაძე, გივი იოსელიანი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 84), გიორგი ცერცვაძე, ბიძინა მახარობლიძე, რევაზ ქემოკლიძე, მერაბ გიგაური (უჩა ბურძენაძე 78), გიორგი კაჭკაჭიშვილი, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი თექთუმანიძე, ნიკა კაჭარავა (თამაზ მაქაცარია 90).

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

სიონი: ზურაბ ბათიაშვილი, დავით სვანიძე, გივი კვარაცხელია, ფელიპე ლიმა ლოპესი (გიორგი განუგრავა 46), ილია კანდელაკი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გიორგი ცხადაია (ირაკლი სამხარაძე 76), გიორგი გაფრინდაშვილი (ჯაბა უგულავა 58), ზვიად ლობჯანიძე, დავით სირაძე, ვილი ისიანი.

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლი: 1:0 გიორგი ცერცვაძე (2), 2:0 რევაზ ქემოკლიძე (28), 2:1 ალექსანდრე გოგობერიშვილი (42).

გაფრთხილება: ზვიად ლობჯანიძე (18), ბიძინა მახარობლიძე (32), ნიკოლოზ კაჭარავა (55), ჯაბა უგულავა (90), რევაზ ქემოკლიძე (90).

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

1. დინამო (თბილისი) 10 7 2 1 21:7 23
2. სპარტაკი 11 6 2 3 12:15 20
3. დილა 10 5 3 2 17:8 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
6. ტორპედო 10 3 6 1 12:9 15
7. მერანი 11 4 3 4 9:8 15
8. ჩიხურა 11 4 3 4 12:12 15
9. ზესტაფონი 11 3 5 3 21:15 14
10. დინამო (ბათუმი) 11 4 2 5 10:11 14
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ვიტ ჯორჯია 11 3 2 6 11:12 11
13. კოლხეთი 11 2 4 5 9:14 10
14. ზუგდიდი 11 2 4 5 7:14 10
15. სიონი 11 2 3 6 10:17 9
16. შუქურა 10 1 5 4 7:15 8

მეგოლეები:

8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.248449