ფეხბურთი

23:34 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეროზიას ზედიზედ მეორე გამარჯვება

წარმატებული გამოდგა ზუგდიდელთა ახლადდანიშნული თავკაცისთვის მეორე მატჩიც. ოდიშელებმა დრამატულ ბრძოლაში შეძლეს მეტოქის დამარცხება, თანაც ძირითადი შემადგენლობის სამი წამყვანი მოთამაშის გარეშე. ვახტანგ კვარაცხელია წინა დღით ვარჯიშზე დაშავდა, ხოლო ოთარ ჯავაშვილს და ლევან წურწუმიას დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისებდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დუნედ დაიწყო და ტაიმის მესამედი ასევე ნელ ტემპში მიილია. ფეხბურთელები კი იბრძოდნენ, მაგრამ ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

თავიდან მასპინძლები გამოცოცხლდნენ და პირველივე შეტევის შემდეგ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ოდიშელთა რიგებში დაბრუნებულმა შოთა ლომია მე-18 წუთზე მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა განახორციელა. ეხვაიამ თავის მეურვეს ბრძოლა მოუგო და ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ფარჯიკიას გადააწოდა. ოდიშელთა შემტევს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა დიდი მანძილით ასცდა კარს.

ამ დროს დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა – ვერ გაიტან, გაგიტანენ. ლანჩხუთელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. სტუმრებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დამამთავრებელ ფაზაში შეტევაში ჩართულმა გოგიაშვილმა ზუსტი გადაცემით კოშკაძე საგოლე პოზიციაზე გაიყვანა. გურულთა კაპიტანმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და შორეულ კუთხეში გამოზომილი დარტყმით თევდორაძეს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა _ 0:1.

შეხვედრა ამის შემდეგაც გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა მეტოქეებს სახიფათო მომენტების შექმნა ისევ უჭირდათ.

37-ე წუთზე გურულებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. მეგრელიშვილის კარგი გადაცემით მიქაბერიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ძელს ახლოს ჩაუქროლა.

სამ წუთში მასპინძლებმა თანაფარდობა აღადგინეს. შოთა ლომიამ გამოზომილი გადაცემით ფარჯიკია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის შეჩერება მეგრელიშვილმა მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. ზუგდიდელმა კაპიტანმა პენალტი უზადოდ შეასრულა _ 1:1.

შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული და დრამატული გამოდგა. თავიდან უპირატესობა გურულებმა მოიპოვეს და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს.

54-ე წუთზე მეგრელიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კოშკაძე ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან. თევდორაძემ ბურთი მუშტებით მოიგერია და სიტუაცია განმუხტა. ხუთ წუთში ოდიშელთა კიპერმა შეცდომა დაუშვა, რაც მასპინძლებს კინაღამ გოლის ფასად დაუჯდათ. თევდორაძე თამაშში ბურთის შეყვანას სწრაფად ცდილობდა და სიჩქარეში ერთერთ თანაგუნდელს გაარტყა. ბურთს კოშკაძე დაეუფლა და სახიფათოდ შეუტია, თუმცა უკანასკნელ წამს ისევ მეკარემ იმარჯვა და თავისი შეცდომა გამოასწორა. 63-ე წუთზე კოშკაძის ჩაწოდებულ კუთხურს ჟვანიამ თავით მიმართულება შეუცვალა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ამჯერად მირცხულავამ იყოჩაღა და ბურთი პირით ხაზს იქით მოიგერია.

ტაიმის შუაწელიდან თამაში გათანაბრდა. ძველებურად ვეღარ აქტიურობდნენ კოშკაძე და შალამბერიძე, რაც უპირველესად ლევან აკობიას და ბაქარ მირცხულავას დამსახურებაა. ისინი მეტოქეს თავისუფალ სივრცეს უზღუდავდნენ და პარტნიორებს დროულად აზღვევდნენ.

73-ე წუთზე მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშში დაწინაურებულიყვნენ. შოთა ლომიას მოწოდებულ კუთხურს დათა ქირიამ თავური დარტყმა მოაყოლა. ზუხბაიამ ბურთი მუშტებით მოიგერია. დამატებას ისევ ქირია ცდილობდა, თუმცა ამჯერადაც მეკარემ იმარჯვა.

შეხვედრის უკანასკნელი ხუთწუთეული ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ანგარიშის შენარჩუნებას არც ერთი გუნდი ცდილობდა. 85-ე წუთზე გურულებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს და კოშკაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს. სტუმართა კაპიტნის დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოდგა. იქვე ახლადშესულ გულორდავას ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა სიზუსტემ ისიც დააღალატა. თანაგუნდელის ბედი გაიზიარა ასევე შეცვლაზე შესულმა კუკავამაც.

...და მაინც, ზუგდიდლებმა მოახერხეს გამარჯვება. გოლი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. შოთა ლომიას მოწოდებულ კუთხურზე ეხვაიამ იმარჯვა, მეტოქეებს დაასწრო და ეფექტური თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

მატჩის შემდეგ “მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ბესიკ შეროზია (ზუგდიდი): “ადრე ვთქვი და გავიმეორებ - მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ მუმლაძეს გუნდში გაწეული სამუშაოსთვის. ბიჭები მომზადებულნი იყვნენ, მაგრამ საბრძოლო მუხტი აკლდათ. მათ ჯერ ჩემი ირწმუნეს, შემდეგ კი საკუთარი თავის რწმენაც დაუბრუნდათ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. მთავარია, სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენი მონდომებით მალე სახიფათო ზონასაც თავს დავაღწევთ”.

თემურ ლორია (გურია): “უპირველესად, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მატჩის ბოლოს დასანანი გოლი გავუშვით. ჩემი აზრით, ამ მატჩის ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა”.

“ზუგდიდი” (ზუგდიდი) – “გურია” (ლანჩხუთი) 2:1 (1:1)
1 ნოემბერი. 14.00. ზუგდიდი. “ბაიას” საწვრთნელი ბაზა. 800 მაყურებელი.

“ზუგდიდი”: თევდორაძე, რიგვავა, ლ. ღონღაძე, აკობია, დ. ქირია (კობერიძე 78), ტყემალაძე, შ. ლომია (კ), გვაზავა (კუკავა 46), მირცხულავა, ფარჯიკია (გულორდავა 81), ეხვაია;

მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

“გურია”: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, გაბრიჩიძე, ჯოჯუა, შალამბერიძე, მიქაბერიძე (ე. კილაძე 86), კოშკაძე (კ), კვერენჩხილაძე (ს. ლომია 46);

მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: 0:1 კოშკაძე (21), 1:1 შ. ლომია (40 პენ.), 2:1 ეხვაია (89);

გაფრთხილება: ტყემალაძე (28), ეხვაია (35), მეგრელიშვილი (40), მირცხულავა (59), ზუხბაია (80), ჭეიშვილი (90+3);

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.242647