ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სენეგალის ეროვნული ნაკრების და სტამბულის "ბეშიქთაშის" თავდამსხმელმა დემბა ბამ კარიერა შესაძლოა კვლავ ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.
29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს მისი ყოფილი კლუბი, ლონდონის "ვესტ ჰემი" იჩენს და მზადაა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სენეგალელის ტრანსფერის სანაცვლოდ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.
"ჩაქუჩების" მაისურით დემბა ბა 2011 წელს, ნახევარი სეზონი თამაშობდა და 13 მატჩში 7 გოლიც გაიტანა.
ცენტრალური თავდამსხმელი თურქულ გრანდს ზაფხულში ლონდონის "ჩელსიდან" შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2017/18 სეზონის ბოლომდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში დემბა ბამ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც მოაგროვა.