კალათბურთი

3:06 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

8 დეკემბერს, დისნეილენდში

ფიბა-ევროპამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 8 დეკემბერს ჩატარდება. სიახლე კი ის გახლავთ, რომ ცერემონიალს პარიზის დისნეილენდი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 24 ფინალისტს შორის საქართველოს ეროვნული გუნდიცაა, ფორმატის მიხედვით კი, 5-20 სექტემბერს დაგეგმილ ევრობასკეტ-2015-ზე მხოლოდ ერთი ჯგუფური ეტაპი შედგება, რომელზეც ნაკრებები ოთხ ექვსგუნდიან პულში გადანაწილდებიან.

საწყისი ეტაპის შედეგებით, პლეი-ოფში ჯგუფების საუკეთესო ოთხეულები გავლენ და ეს 16 გუნდი ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევროპირველობის 80-წლიანი არსებობის ისტორიაში, საწყისი ეტაპის მატჩებს ერთბაშად 4 ქვეყანა მიიღებს: გერმანია (ბერლინი), საფრანგეთი (მონპელიე), ლატვია (რიგა) და ხორვატია (ზაგრები), ხოლო პლეი-ოფისთვის გუნდები სრულად ფრანგულ მონპელიეში გადაინაცვლებენ.

მოკლედ, თუ ვინ იქნებიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები და რომელ ქვეყანაში მოუწევს ჩვენს გუნდს გამგზავრება, რამდენიმე კვირაში შევიტყობთ.

და ერთიც. მომავალი ევრობასკეტი 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირიც იქნება. ევროპირველობის ფინალისტები რიოს საგზურებს ავტომატურად მიიღებენ, მესამე-მეექვსე გუნდებს კი საკვალიფიკაციო შეჯიბრში თამაშის უფლება ერგებათ.

0.115309