კალათბურთი

13:33 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის საგამოფენო მატჩები და ტრავმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან ყველაზე გვიან სეზონი დუდა სანაძეს დაეწყო. ამერიკის სტუდენტური ლიგაში ოფიციალურ მატჩებს სტარტი ჯერაც არ აუღია, თუმცა ტურნირის გახსნას წინ მოსამზადებელი თამაშები უძღვის და სანაძის “სან დიეგო ტორეროსიც” მათში ჩაერთო.

დუდას კლუბმა უკვე 2 მატჩი ჩაატარა და თითო მოგება-წაგება მიითვალა. თავდაპირველად, სან დიეგოელები ლოს ანჯელესს ესტუმრნენ და ბოისეს უნივერსიტეტის გუნდთან 75:81 წააგეს. სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 წუთის განმავლობაში 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც სათამაშო დრო შეეზღუდა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. დუდამ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო საგამოფენო მატჩს “ტორეროსი“ სან დიეგოში “მისურის“ დაუხვდა და 67:56 იმარჯვა. სანაძემ 16 წუთში თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა, 3 ტყორცნა კი ააცილა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველი კალათბურთელი ტერფის ტკივილმა შეაწუხა, ქუსლის ნერვის ანთება აქვს და სავარაუდოდ, მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

მორიგ შეხვედრას სანდიეგოელები 19 ნოემბერს, შინ “ფლორიდასთან“ გამართავენ.

0.113216