25 ოქტომბერს იწყება საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი კალათბურთში, რომელშიც 8 გუნდი “სოხუმი”, “ბათუმი-რსუ”, “დინამო”, “მგზავრები-არმია”, “რუსთავი”, “ქუთაისი-2010”, “ოლიმპი” და “შსს აკადემია” მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტურის ოთხივე შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
დღეს, 24 ოქტომბერს სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერეციო დარბაზში მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი სუპერლიგის მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას მოხდა მემორანდუმის გაფორმება “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრსა” და “სუპერგაზს” შორის, მემორანდუმს ხელი “ოლიმპიური ცენტრის” დირექტორმა შალვა გოგოლაძემ და “სუპერგაზის” წარმომადგენელმა მიხეილ აბულაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, “სუპერგაზი” იღებს ვალდებულებას, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან “კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩაანაცვლებს ცენტრს როგორც “ოლიმპის” დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის რამდენიმე კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა და ეტაპობრივად უწყებრივი გუნდების დაფინანსება კერძო ორგანიზაციებზე გადავა. ფინანსურად “ოლიმპს” “სუპერგაზი”, “მგზავრები-არმიას” სასტუმროების ქსელი “მგზავრები-დეველოპმენტი”, ხოლო დინამოს კვლავ “საქართველოს ბანკი” დაეხმარება. ისევ უწყებრივ დაფინანსებაზე რჩება “შსს აკადემია”, რაც შეეხება რეგიონების წარმომადგენლებს: “ბათუმი-რსუს”, ქუთაისი 2010”-სა და “რუსთავს” ეს გუნდები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდებიან.
ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “მოგესალმებით და გილოცავთ ახალი, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას. უწინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად იცვლება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საკალათბურთო გარემო კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის. ფედერაციის და სამინისტროს მიერ შემუშავებულ კალათბურთის განვითარების პროგრამის ბიუჯეტში კლუბების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული. სუპერლიგის მონაწილე გუნდებს ფინანსური სტაბილურობა მინიმუმ 5 წლის მანძილზე ექნებათ გარანტირებული, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, კლუბების სისტემის ჩამოყალიბებას და მომავალზე გათვლილი პროგრამების განხორციელებას.
ჯერჯერობით არ ვიცით და ვაზუსტებთ იმ თანხის რაოდენობას, რომლითაც სახელმწიფო სუპერლიგის გუნდებს დაეხმარება, ეს თანხა მიმდინარე წლის ნოემბერში გვეცოდინება.
მადლობა შსს, თავდაცვის სამინისტროს, რკინიგზისა და კერძო ბიზნესს, რომელიც კალათბურთს ეხმარება”.
მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): “ყველას გილოცავთ საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას. სუპერლიგის მონაწილე გუნდებში შექმნილი ფინანსური პრობლემების მიუხედავად ჩვენ ეს შევძელით და რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სამი ახალი საკალათბურთო დარბაზი გვექნება, რომელიც ბუნებრივია ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარებას”.
გიორგი ქართველიშვილი (ფედერაციის გენერალური მდივანი): “ჩვენ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი იყო. ბევრია გასაკეთებელი ბავშვთა კალათბურთის განვითარებისათვის. სასურველია კალათბურთის განვითარებისთვის რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ”.
მიხეილ აბულაძე (“სუპერგაზის” წარმომადგენელი): “ცნობილი ფაქტორების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ოლიმპი” როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკური ინვენტარითაც დავაფინანსოთ”.