სხვა

10:15 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეებმა ორი მედალი გაინაღდეს

საქართველოს 19-წლამდელ მოკრივეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ორ მედალს მოიპოვებს. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპირველობაზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა ქართული გუნდის სამმა წევრმა მიიღო და ორმა მათგანმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რაც მინიმუმ ბრინჯაოს პრიზიორობას ნიშნავს

ლაშა გურულმა (60 კგ) ჩეხი ლუკაშ დეკუში დაამარცხა. ამ ბრძოლამდე ქართველმა მოკრივემ ჰოლანდიელი ჟუსტინ ჯოვანი კრემერი და უნგრელი რიჩარდ კოვაჩი ჩამოიშორა გზიდან.

გიორგი ხარაბაძემ (69 კგ) უნგრელი ბერნარდ ბარშონისა და შვედი ოლივერ ფლოდინის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რაჯაბ რაჯაბოვს აჯობა.

საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა გაგიკ პოზოიანს (52), რომელსაც ნახევარფინალის გზაზე აზერბაიჯანელი მასუდ იუსიფზადე გადაეღობა. ამ შეხვედრამდე პოზოიანმა ალბანელი კრენალ ზენელი დაამარცხა.

19-წლამდელთა ევროპირველობაზე 41 ქვეყნის 233 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები კი ხორვატიაში 6-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. უჩა მაისურაძე (56 კგ), ნუკრი ადამია (64 კგ) და რატი ტლაშაძე (75 კგ) ჩემპიონატს წინასწარი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

0.119209