23 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის შეთანხმება გაფორმდება, რომლის შემდეგ საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები დაპირებულ თანხას მიიღებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბების შეპირებულ თანხას დოკუმენტის გაფორმებიდან 10 დღეში მიიღებენ.
სფფ-ს პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა და გენერალური მდივანი რეზო არველაძე შვეიცარიაში ოთხშაბათს გაემგზავრებიან. როგორც თავის დროზე სიჭინავამ აღნიშნა, ხსენებული დოკუმენტის საფუძველზე ფედერაცია უეფასგან უფლებას მიიღებს, რომ სესხი აიღოს. სწორედ, სესხის ხარჯზე აპირებს სფფ კლუბებისთვის თანხის მიცემას. უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის წლის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ლარის გადარიცხვაა დაგეგმილი, ხოლო პირველი ლიგის – 100000. ანალოგიური თანხით დაფინანსებას ფედერაცია კლუბებს იანვრის შემდეგაც დაჰპირდა.
აქამდე, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ხშირად აპელირებდნენ, რომ უმცროსი ნოდარ ახალკაცის მიერ დატოვებული ვალი 18 მილიონი ლარი გაისტუმრეს და ფედერაციას აღარაფერი მართებს. ამჯერად, სფფ-ს სესხი აღება თავად მოუწევს. კონკრეტულად რა თანხას ისესხებს, რა ვადითა და პირობებით, ჯერ ცნობილი არაა.