ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გუს ჰიდინკის გაშვებისგან თავი შეიკავა. De Telegraaf-ის ცნობით, სპეციალისტს პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო შანსი ეძლევა. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ ჰოლანდიური ფეხბურთის თავკაცები ეროვნული გუნდის ახალი დამრიგებლის შერჩევას ვერ ახერხებენ, რადგან ყველა შესაძლო კანდიდატი დაკავებულია.
ნოემბერში ჰოლანდიელებს ორი თამაში ელით: ამხანაგური მექსიკასთან და ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი ლატვიასთან. შემდეგ კი ოთხთვიანი პაუზაა და დიდი ალბათობით, ჰიდინკის ბედი სწორედ მაშინ გაირკვევა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებმა გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა ჩაატარეს, აქტივში ერთი გამარჯვება აქვთ და A ჯგუფის ლიდერ ისლანდიას და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებს 6 ქულით ჩამორჩებიან.
ვასილ მშვილდაძე