2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 8 დეკემბერს ჩატარდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საკალათბურთო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ადრინდელი ვერსიის თანახმად, წილისყრა 15 ნოემბერს გახლდათ დაგეგმილი, დღეს კი, ახალი ცნობა გაჩნდა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მომავალი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება. მასპინძლები საფრანგეთი (მონპელიე), ხორვატია (ზაგრები), გერმანია (ბერლინი) და ლატვია (რიგა) იქნებიან, პლეი ოფი კი სრულად ფრანგული ლილის საფეხბურთო არენა “სტად პიერ მორუაზე” (საკალათბურთო მატჩებისთვის 27-ათასიანი ტრიბუნები ეწყობა) ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდიც ითამაშებს, ფინალისტებში კი ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, იტალია, სერბეთი, ხორვატია, ლატვია, სლოვენია, ჩეხეთი, გერმანია, ლიტვა, ესპანეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, თურქეთი, ფინეთი, ისლანდია, პოლონეთი და უკრაინაც არიან.