დღეს დაიწყო ვეტერანი კალათბურთელის დუდუ დადიანის ტრადიციული მემორიალი რომელსაც რუსთავი მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში სუპერლიგის 8 გუნდიდან “დინამო”, “რუსთავი”, “ოლიმპი” და მემორიალის ბოლო გამარჯვებული “სოხუმი” მონაწილებს. რაც შეეხება “ქუთაისი 2010”-ს, “ბათუმი რსუ”-ს, მგზავრები “არმიასა” და “შსს აკადემაის”, ამ გუნდებმა მემორიალში მონაწილეობაზე სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს,
შეგახსენებთ, რომ მემორიალში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. რადგან ტურნირზე ოთხ გუნდზე მეტი არ შეიკრიბა წინა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, როდესაც გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებოდნენ და ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში მთავარი პრიზისთვის იბრძოდნენ, ამჯერად მემორიალი ერთ წრედ ჩატარდება და გამარჯვებულად ის გუნდი გამოცხადდება რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
მემორიალის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” და დუდუ დადიანის მემორიალის ბოლო გამარჯვებული “სოხუმი” დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით დაიწყო. იყო მომენტი როცა ჩემპიონები 30-ზე მეტი ქულითაც კი უსწრებდნენ მეტოქეს. მეორე ტაიმში ზღვისპირელები გამოცოცხლდნენ და ძირითადად ზუსტი სამ ქულიანების წყალობით ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშის სხვაობა 7 ქულამდე (76:69) შეამცირეს. ამის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა. კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა 91:78, შეძლო მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. დინამოელთა შემადგენლობაში გამოჩნდა ქუთაისელი ცენტრალური თავდამსხმელი ვიქტორ კოღუაშვილი, რომელმაც 2013-14 წლების სეზონი უკრაინის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე “კიევის ავანგარდში” გაატარა. კოღუაშვილის განცხადებით, “დინამოსთან” მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონის ბოლომდე ამ გუნდში იასპარეზებს.
დავუბრუნდეთ “დინამო” “სოხუმის” მატჩს. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა “დინამოს” ახალწვეულმა ილია ლონდარიძემ დააგროვა რომელმაც აღნიშნულ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა “დინამოს” კიდევ ერთი ახალწვეული, ასევე ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი რომელმაც 11 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. “დინამოს” ერთ-ერთ ლიდერ ლაშა გამყრელიძეს ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, რომლის ანგარიშზე 11 ქულა და 9 პასია. ზღვისპირელთა შორის ყველაზე შედეგიანი ირაკლი ჩლაიძე იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა.
ამჟამად მიმდინარეობს პირველი ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “რუსთავი” და “ოლიმპი” ხვდებიან.
“დინამო” - “სოხუმი” (32:15, 16:14, 26:26, 17:23)
დინამო: გამყრელიძე (11 ქ, 2მ, 9პ), მეგენეიშვილი (1ქ, 1მ, 2პ), თავამაიშვილი (3ქ, 3მ), ლეჟავა (18ქ, 2მ, 5პ), ვახანია (8ქ, 4მ, 2პ), ლონდარიძე (28ქ, 10მ), დიდია (3მ), კოღუაშვილი (6ქ, 4მ, 2პ), მათიაშვილი (11ქ, 19მ, 3პ), ორმოცაძე (5ქ, 3მ, 1პ), ღუდუშაური (2მ).
სოხუმი: ჩიტაშვილი (3ქ, 3მ, 6პ), ჭიჭვეიშვილი, გოლეთიანი, ჩლაიძე (27ქ, 1მ, 4პ), კვეტენაძე (6ქ, 2მ), დვალიშვილი (10ქ, 5მ), შვანგირაძე (11ქ), ბააკაშვილი (7ქ, 3მ, 3პ), რევაზაშვილი (2ქ, 1მ), ჯგერენაია (9ქ, 7მ), ფერიაშვილი (1მ), დეკანოიძე (3ქ, 5მ).