ნესტორ მუმლაძემ საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მის ნაცვლად გუნდს ბესიკ შეროზია გაწვრთნის, რომელმაც მიმდინარე სეზონი ქობულეთის “შუქურას” თავკაცად დაიწყო, მაგრამ სამი ტურის შემდეგ გადადგა. შეროზიას ოფიაციალურად 22 ოქტომბერს წარადგენენ. მისთვის ზუგდიდში მუშაობა უცხო არაა, ვინაიდან წარმოშობით ამ ქალაქიდანაა და თავის დროზე ადგილობრივი “ბაიაც” გაუწვრთნია.
ეროვნული ჩემპიონატის განვლილ ტურში, ბათუმის “დინამოსთან” სტუმრად წაგების (0:2) მერე, მუმლაძე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მხარეებმა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება შეწყვიტეს. მან წავლის მიზეზად გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაასახელა. “ზუგდიდი” 4 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
გელა ინალიშვილი (“ზუგდიდის” დირექტორი): “გუშინდელი მარცხის შემდეგ, ბატონი ნესტორი ძალიან დათრგუნული იყო და გადაწყვეტილება, გუნდიდან წასვლის შესახებ, მან უცვლელი დატოვა. მითხრა, რომ ასეთი შედეგის შემდეგ, მას გუნდში დარჩენა მორალურად გაუმართლებლად მიაჩნია. მიუხედავად დღეს არსებული შედეგისა, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ნესტორ მუმლაძემ ჩვენს გუნდს თავისი ხელწერა მოკლე პერიოდშიც დაამჩნია და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას სეზონის დასაწყისშივე და სამწუხაროდ, ყველაფერი ეს მწარე რეალობის გამოძახილია, თუმცა მუმლაძის ადამიანურად მესმის. ის პროფესიონალია და ვითარებაც ასევე განსაზღვრა, ამიტომ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მასთან სამომავლოდ თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. ახალ მთავარ მწვრთნელს რაც შეეხება, ბესიკ შეროზია ზუგდიდელი კაცია და ამ ქალაქში მას წარდგენა არ სჭირდება. უბრალოდ ვიტყვი, რომ როგორც მის წინამორბედს, მასაც მძიმე მდგომარეობა ხვდება გუნდში შედეგიდან გამომდინარე და ამიტომ ორმაგად, ერთობლივი ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა ამ მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ”.