ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სატურნირო ცხრილის ფსკერზე განთავსებულ გუნდებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. შეხვედრამ მოლოდინი სავსებით გაამართლა. ზღვისპირული დერბი უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სანახავადაც საინტერესო გამოდგა.
მეტოქეებმა მატჩის დებიუტიდანვე აქცენტი შეტევაზე აიღეს და თამაშზე დამსწრე გულშემატკივრები გატანილი გოლებით გაახარეს. თავიდან სტუმრები აქტიურობდნენ და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც პირველად აჭარლებს მიეცათ. მე-8 წუთზე ფოთელები საკუთარი კარის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტული კუტალიამ შეასრულა, რომლის ჩაწოდებულზე ყველაზე უკეთ მალანია გაისარჯა და თავური დარტყმით ბურთი ფოთელთა კარისკენ გადაგზავნა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ,,მასპინძლები” კარის ძელმა გადაარჩინა.
აჭარელთა მომდევნო შეტევა შედეგიანი გამოდგა. სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ჩელებაძემ დიდოსტატურად შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ფოთელთა კარის ცხრიანში ჩაეშვა - 0:1.
ანგარიშის გათანაბრება კოლხებმა მალევე მოახერხეს. მე-14 წუთზე დათა სიჭინავამ მცველების დაუდევრობით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. მართალია ჯიოევმა ნახტომი გააკეთა, მაგრამ კუთხეში მიმქროლავი ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა - 1:1.
გოლის გატანამ ,,მასპინძლებზე” სასიკეთოდ იმოქმედა და ერთ წუთში დაწინაურებაც შეძლეს. საჯარიმოდან კაკულიას ჩაწოდების შემდეგ ნევუჩემ ივარგა და თავით ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ნიკა სიჭინავას დაუგდო. ნიკამ თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით თავისიანები წინ გაიყვანა - 2:1.
ტაიმის შუაწელიდან უპირატესობამ ისევ აჭარელთა მხარეს გადაინაცვლა. ჩელებაძეს თანაფარდობის აღდგენა შეეძლო. სტუმართა კაპიტანი საჯარიმო დარტყმას ზუსტად იმავე ადგილიდან ასრულებდა, საიდანაც პირველი მცდელობა შედეგიანი გამოუვიდა, მაგრამ ამჯერად სიზუსტემ ოდნავ დააღალატა. ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო.
აჭარლებს მონდომება მაინც დაუფასდათ, თუმცა ეს საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში მოხდა. კუტალიამ მოედნის ცენტრიდან წინ გადაინაცვლა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი მეტრეველს თავზე მოხვდა, მიმართულება იცვალა და მეკარისაგან საპირისპირო კუთხეში ჩაეშვა - 2:2.
ამის შემდეგ კოლხებიც გააქტიურდნენ და ტაიმის ბოლომდე რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. 44-ე წუთზე კი დაწინაურების შანსიც ჰქონდათ. ნევუჩეს გადაცემით კაკულია მარცხენა ფრთაზე გაიჭრა და საჯარიმოში შევარდნილ გოგონაიასკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. გოგონაიამ თანაგუნდელების დაწყებული კომბინაცია სწორად გააგრძელა და ერთი შეხებით ბურთი სტუმართა კარისკენ გადაგზავნა, მაგრამ დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოუვიდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
მეორე ნახევრის საწყისი ოცი წუთი მოსაწყენ ბრძოლაში მიილია. შემდეგ ისევ აჭარლებმა გამოაცოცხლეს თამაში და მეტოქის კარზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. 65-ე წუთზე სტუმრებმა სანიმუშო შეტევა განახორციელეს. ჩელებაძე-მესხი–მეტრეველის (ძნელია ამ გვარების წაკითხვის დროს გულშემატკივარს ქართული ფეხბურთის ძველი დიდება არ გაახსენდეს) სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის კარში დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.
67-ე წუთზე აჭარლებს ანგარიშში დაწინაურების 100%-იანი შანსი ჰქონდათ. ჩელებაძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე ბერუაშვილმა თავით ბურთი მეკარის ბაქანზე მყოფ კუხიანიძეს გადაუმისამართა, მაგრამ ქობულეთელი ფეხბურთელის დარტყმას მეტოქის მცველები აღუდგნენ და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. კუთხურიდან მოწოდებულს მეტრეველი დაუხვდა და თავით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.
ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 75-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა დათა სიჭინავას. იგი ბურთს საჯარიმოსთან დაეუფლა და ძლიერი დარტყმა განახორციელა. ჯიოევი ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. სამი წუთის შემდეგ ჩალაძესაც მართებდა თავის გამოჩენა. მან მარცხენა ფრთაზე დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, საჯარიმოს შუახაზისკენ გადაინაცვლა და ძლიერად დააქუხა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.
შეხვედრის ბოლოს გამარჯვების შანსი ორივე გუნდს მიეცა, პირველად - ფოთელებს. გუგუჩიას მოწოდებულ კუთხურს გოგონაიამ თავით მიმართულება შეუცვალა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მატჩის უკანასკნელ წუთზე ჩელებაძემ საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა. შეტევაში ჩართულმა ჩალაძემ მეტოქის მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთი მეტრეველს დაუგდო, რომელმაც ხელსაყრელი მდგომარეობიდან კარში დარტყმა ვერ მოახერხა.
არბიტრის საფინალო სასტვენამდე ერთი უსიამოვნო ინციდენტიც მოხდა. მთელი შეხვედრის მანძილზე კორექტულად მყოფ მეტოქე გულშემატკივართა შორის უცენზურო გადაძახილი დაიწყო, რაც მცირე კონფლიქტში გადაიზარდა, თუმცა პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს ჩამოართვა კომენტარი:
ზაზა ინაშვილი (“კოლხეთი”): ,,კარგი თამაში გამოვიდა. მაყურებელმა სასიამოვნო სანახაობა იხილა. თუ ჩავთვლით, რომ პრაქტიკულად ყველა თამაშს სტუმრად ვთამაშობთ, ეს ერთი ქულა აქტივში უნდა ჩაგვეთვალოს”.
ამირან გოგიტიძე (“შუქურა”): ,,ბიჭების კმაყოფილი ვარ. ასეთ ამინდში თავი არ დაუზოგავთ, მიუხედავად იმისა, რომ სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე თამაშობენ.”
“კოლხეთი” (ფოთი) – “შუქურა” (ქობულეთი) 2:2 (2:2)
19 ოქტომბერი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”. 1000 მაყურებელი.
“კოლხეთი”: სეფიაშვილი, გ. კილასონია, ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია (კ), დ. სიჭინავა, გუგუჩია, ნ. სიჭინავა (ჟიშკარინი 56), ლ. კაკულია (ქორჩილავა 69), ნევუჩე (ჯიქია 87);
მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
“შუქურა”: ჯიოევი, ჩალაძე, ტვილდიანი, კალანდაძე, მალანია, ბერუაშვილი, კუტალია, კუხიანიძე, მესხი (ტაკიძე 90+1), ჩელებაძე (კ), მეტრეველი;
მთ. მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
გოლები: 0:1 ჩელებაძე (12), 1:1 დ. სიჭინავა (14), 2:1 ნ. სიჭინავა (15), 2:2 მეტრეველი (38);
გაფრთხილება: გოგონაია (29), ლ. კაკულია (66), კალანდაძე (81);
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
1. | დინამო (თბილისი) | 9 | 6 | 2 | 1 | 15:6 | 20 | |
2. | სამტრედია | 9 | 5 | 2 | 2 | 11:7 | 17 | |
3. | სპარტაკი | 9 | 5 | 2 | 2 | 9:8 | 17 | |
4. | დილა | 9 | 4 | 3 | 2 | 14:6 | 15 | |
5. | ტორპედო | 9 | 3 | 5 | 1 | 10:7 | 14 | |
6. | მეტალურგი | 9 | 3 | 4 | 2 | 11:9 | 13 | |
7. | ჩიხურა | 9 | 4 | 1 | 4 | 10:10 | 13 | |
8. | დინამო (ბათუმი) | 9 | 4 | 1 | 4 | 10:10 | 13 | |
9. | მერანი | 9 | 3 | 2 | 4 | 8:8 | 11 | |
10. | გურია | 9 | 2 | 5 | 2 | 9:15 | 11 | |
11. | ზესტაფონი | 9 | 2 | 4 | 3 | 18:13 | 10 | |
12. | ვიტ-ჯორჯია | 9 | 3 | 1 | 5 | 9:9 | 10 | |
13. | კოლხეთი | 9 | 2 | 3 | 4 | 9:13 | 9 | |
14. | სიონი | 9 | 2 | 2 | 5 | 9:15 | 8 | |
15. | შუქურა | 9 | 1 | 5 | 3 | 7:14 | 8 | |
16. | ზუგდიდი | 9 | 0 | 4 | 5 | 4:13 | 4 |
მეგოლეები:
6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.