კალათბურთი

21:54 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 12 ქულა 12 წუთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-3 ტური თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” და “ანდორას” მატჩით გაიხსნა, რომელშიც ბასკებმა ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადეს – 85:87.

ქართველი კალათბურთელი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და მართალია, მოედანზე მხოლოდ 12:42 წუთი დაჰყო, ხვავრიელი მონაგარი ჰქონდა.

თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 5 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი (ბულგარელ კალოიან ივანოვს დააფარა) წაამატა. ქართველმა ფორვარდმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ ლუჩას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს სან ემეტერიო (17), აივერსონი (16), ბერტანსი (14) და უაიტიც (12) ასცდნენ.

სტუმრებმა მე-2 ტაიმში გაცილებით უკეთ ითამაშეს და პირველი ნახევრის თავზე არსებული 10-ქულიანი ჩამორჩენაც გააბათილეს, თუმცა, საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე, მასპინძელმა დავიდ ნავარომ ურთულესი ორქულიანი ჩააგდო და გამარჯვება ანდორელებს დარჩათ.

“ლაბორალ კუჩა” ესპანურ ლიგაში მორიგ მატჩს 26 ოქტომბერს, შინ, “ბილბაო ბასკეტთან” ჩაატარებს, 2 დღით ადრე კი, პირეოსში, ევროლიგის ეგიდით, “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდება.

0.120386