პოლონურ ექსტრაკლასაში გაიბრწყინა ნიკა ძალამიძემ, რომელმაც "იაგელონია"-"პოგონის" შეხვედრაში (5:0) ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ქართველმა ნახევარმცველმა ჯერ ახლო მანძილიდან თითქმის ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.
ნიკამ შეუცვლელად ითამაშა. "იაგელონია" მეორე ადგილზეა. პირველ-მეორე-მესამეზე მყოფ გუნდებს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ.
რუმინეთში გოლით გამოირჩა გიორგი ჭანტურია, რომელიც სეზონში მეორე მატჩს ატარებდა "კლუჟში". ჭანტურიას გუნდი შინ აგებდა ბუქარესტის "დინამოსთან", თუმცა გიორგიმ მე-20 წუთზე პენალტით გაათანაბრა – მეკარე კუთხეს მიუხვდა, მაგრამ ვერ მისწვდა ბურთს. ქართველი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე და კარგი პასებიც გააკეთა. 68-ე წუთზე შეცვალეს.
"კლუჟმა" ეს შეხვედრა 2:1 მოიგო და მეორე ადგილზეა – მხოლოს "სტიაუას" ჩამორჩება.
"ვიტესმა" ჰოლანდიაში კვლავ დიდი ანგარიშით მოიგო. ამჯერად, გასვლაზე 4:1 სძლია "ვილემ II"-ს და მეხუთე ადგილზეა. გურამ კაშია, როგორც იცით, ტრავმისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და მინდორზე არ ყოფილა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო 32 წუთი ითამაშა.