სხვა

14:28 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო მატჩები ესტონეთთან ორი თამაშის წინ

სანაკრებო სეზონის წინ ევროპაში ბოლო მატჩებს ატარებენ ქართველი ხელბურთელები. 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ტალინში თამაშობს, ხოლო 2 ნოემბერს ესტონელებს სპორტის სასახლეში მიიღებს. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში დავასრულებთ ლუქსემბურგთან ორი მატჩით.

ესტონელებთან საბრძოლო შემადგენლობა იკრიბება. საეჭვოა მხოლოდ ირანში მოთამაშე აკაკი ტალახაძის ჩამოსვლა – თავრიზის კლუბისა და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს ტრავმა აქვს.

ტრავმირებულია ვეტერანი სერგო დათუკაშვილიც, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ოქტომბრის ბოლოსთვის სათამაშოდ მზად იქნება და ტალინში ჩავა. მისმა გუნდმა, ვოივოდინამ ქართველის გარეშე ორი მატჩი გამართა სამხრეთ აღმოსავლეთის ლიგაში – სერბებმა სტუმრად 25:25 ითამაშეს ბოსნიაში ბორაცთან, ხოლო ბელარუსში 22:34 წააგეს მეშკოვ-ბრესტთან.

ვოივოდინას 7 თამაშიდან 2 ფრე აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო 36 წლის დათუკაშვილი 5 თამაშში გატანილი 20 გოლით მეოცე ადგილზეა ლიგის ბომბარდირთა სიაში (29 დარტყმა, 20 გოლი, 69%, 12 გოლი 9 მეტრიდან, 4 – 6 მეტრიდან, 2 - კუთხიდან, 2 – ძალისმიერი გარღვევის შემდეგ, არცერთი შვიდმეტრიანი).

მაკედონიის ჩემპიონატს ოთხი მატჩიდან 4 მოგებით ლიდერობს ზომიმაკ-სტრუმიცა, ვინც ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა რაბოტნიჩკი – 32:26, ქართველმა გარემარბმა რევაზ ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა (სულ მის ანგარიშზეა 4 თამაშში 18 გოლი).

რუმინეთში პირველად დამარცხდა მეკარე შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდი, ოდორჰეი – სტუმრად, CSM ბუქარესტთან – 20:27, რუსიამ კი 3 გოლი გაიტანა (30 გოლი 7 მატჩში). ქართველთა კლუბი 7 თამაშიდან 14 ქულით (2 ფრე, 1 წაგება) მესამე ადგილზეა ბაია მარესა და კონსტანცას შემდეგ.

დამარცხდა ირალი ჩიქოვანის კლუბი, პოლიტექნიკა – ტიმიშოარელებმა შინ წააგეს ბუქარესტის სტიაუასთან – 22:24, ჩიქოვანი კი 6 გოლით (ერთი შვიდმეტრიანი) თავისიანების საუკეთესო ბომბარდირი იყო. სულ ქართველს 8 მატჩში 35 გოლი აქვს, მისი კლუბი კი 3 მოგებით მეცხრე ადგილზეა. სანაკრებო პაუზამდე რუმინეთში კიდევ ერთი ტურია, სადაც ტიმოშოარა ქვეყნის ჩემპიონ კონსტანცას სტუმრობს, ხოლო ოდორჰეი სუჩავას მასპინძლობს.

თურქეთში, მეკარე გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის კლუბი, ტრაბზონსფორი ჯერჯერობით წარუმატებლად გამოდის – ერთი მოგება 4 თამაშში. ბოლო ტურში ტრაბზონი სუმრად დამარცხდა ანკარაში, ანაფენ კოლეჯთან – 22:23. მსხვილიძეს მეტოქეები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში პერსონალურად ეთამაშებოდნენ და ქართველმა ინსაიდმა ამჯერად მხოლოდ 5 გოლი იკმარა, მაშინ როცა, მისი საშუალო შედეგიანობა გაცილებით მეტია – 33 გოლი 4 თამაშში. ტრაბზონი შაბათს მასპინძლობს ბურსა ნილუფერს, ორშაბათს კი მსხვილიძე და ტორონჯაძე თბილისში იქნებიან და სანაკრებო თამაშებისთვის მზადებას დაიწყებენ. დანაჩენი ლეგიონერები გუნდს პირდაპირ ტალინში შეუერთდებიან.

www.geohandball.ge

0.116086