ევროლიგის სასტარტო მატჩში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ლიტვურ “ნეპტუნასს” უმასპინძლა და იოლად – 88:69 სძლია, ტრავმამოშუშებული ქართველი კალათბურთელი კი ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და კარგადაც ითამაშა.
შენგელიამ მოედანზე 23:07 წუთი გაატარა და ბასკურ კლუბს 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა. თოკომ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ფრანგ ტომას უერტელს (28) და ესპანელ ფერნანდო სან ემეტერიოს (21) ჩამორჩა.
მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ლატვიელი დავის ბერტანსი იყო 20 ქულით, უერტელმა 13 ქულა და 10 პასი მიითვალა, სან ემეტერიომ კი – 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა.
“ლაბორალ კუჩას” ევროლიგაში მე-2 მატჩი 24 ოქტომბერს პირეოსში “ოლიმპიაკოსთან” ელის, მანამდე კი, 18 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის ეგიდით “ანდორას” ესტუმრება.
ისიც ვთქვათ, რომ ევროლიგაში სასტარტო თამაშებს დღეს და ხვალ ჩაატარებენ დანარჩენ ქართველ კალათბურთელთა გუნდები. 16 ოქტომბერს ვიქტორ სანიკიძის “უნიქსი” სტამბულში ”ეფესს” გაეჯიბრება, ხოლო 17-ში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ბერლინში “ალბას” ეთამაშება.