საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა აშშ-ს ქალაქ ფლორენსში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. ისიც ვთქვათ, რომ ტურნირზე პირველი რეიტინგი აწ უკვე აშშ-ს მოქალაქე ანა ტატიშვილს გააჩნია.
ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში იმყოფება ანა ქადაგიძე, რომელიც 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოთამაშე უკრაინელ ანასტასია ჟოვტიუკს გაეჯიბრება. წყვილებში ქადაგიძე და ჩინელი ჟიუ ვანგი იტალიელებს – კრეშჩენცის და სკუარჩიალუპის ეთამაშებიან.
ყაზახურ შიმკენტში მორიგ 10-ათასიან ტურნირში ჩაერთვნენ ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ცივაძე. მე-7 ნომრად მიჩნეულმა მეტრეველმა მასპინძელი ტიმურ ხაბიბულინი 6:3, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში უკრაინელ ჯავაკიანს და ყაზახ აბიევს შორის უმჯობესს ელის.
რაც შეეხება ცივაძეს, მან კიდევ ერთ მასპინძელ პაველ პეტროვს 6:1, 6:3 მოუგო და მე-2 წრეში რუს ფედორ ჩერვიაკოვს დაუპირისპირდება.
წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და ყირგიზი დულდაევი ძალებს რუსულ დუეტთან (ბზაროვი-გერლახი) მოსინჯავენ, ცივაძე და რუსი იარკოვი კი უზბეკების – ჯამალოვის და შიპილოვის პირისპირ დადგებიან.
WTA-ს რეიტინგი
212 (213). სოფო შაფათავა – 244 ქულა; 308 (307). ეკატერინე გორგოძე – 127; 449 (464). სოფო ქვაცაბაია – 69; 454 (456). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 638 (640). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 34; 710 (718). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1160 (1164). თამარ კუტუბიძე – 5; 1252 (1261). თამარ ჭალაგანიძე – 3;
ATP-ს რეიტინგი
219 (219). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 219 ქულა; 580 (594). ალექსანდრე მეტრეველი – 52; 895 (903). გიორგი ცივაძე – 16; 1114 (1078). გიორგი ჯავახიშვილი – 8; 1408 (1414). ალექსანდრე ბაკში – 3; 1722 (1727). ირაკლი მეტრეველი – 1;