კვირას, ირლანდიური რაგბის მექა “ავივა სთედიუმზე” ერთა თასის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის მე-5 გუნდს, ექვსი ერის მომგებ ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეერკინება.
გასულ შაბათს ტონგასთან განცდილი 9:23 მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ირლანდიაში მეორე დღესვე გაემგზავრნენ წლევანდელი ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე შეხვედრისთვის დუბლინში ორშაბათიდან ემზადებიან. “სამყურებმა” ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკა 29:15 დაამარცხეს და რადგან კარგად ახსოვთ 2007 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსთან დიდი გაჭირვებით, 14:10 მოგებული თამაში. მათ ბანაკშიც განსაკუთრებული სამზადისია.
თამაში 16 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს, 48 საათით ადრე კი, “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც წინა მატჩისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილებაა. ტონგას ტესტზე მხრის ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა. ირლანდიაში ჩასვლის შემდეგ მწვრთნელებს იმედი ჰქონდათ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. შედეგად, კვირას გარემარბებად თამაზ მჭედლიძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ, ნაკრებს კი შუამარბი დავით კაჭარავა უკაპიტნებს, რომელიც აქამდე გუნდს ორჯერ გაუძღვა.
თბილისის შეკრებისას მიღებული მაჯის ტრავმა მოიშუშა დიმიტრი ბასილაიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში 8 ნომერის პოზიციაზე გიორგი ჩხაიძეს შეცვლის. მეორე ხაზში თამაშს იწყებს გიორგი ნემსაძე, ხოლო ლევან დათუნაშვილმა თადარიგში გადაინაცვლა. “თბილისის თასის” შემდეგ ნაკრების სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა გარემარბი მურაზ გიორგაძე, რომელიც ასევე თადარიგში იქნება.
“მთელი კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად, ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ სათამაშო გეგმა. ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ”, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
16 ნოემბერი. ირლანდია. დუბლინი
“ავივა სთედიუმი”. 18:30 საათი (თბილისის დრო)
ირლანდია - საქართველო
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე.