“ჰომბურგი”
1997 წელს პოლონეთის ნაკრებმა თბილისში ითამაშა, პაიჭაძეზე 11 ოქტომბერს იანუშ ვოიჩიკის გუნდმა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სამი გოლი გაუშვა.
პოლონელთა კარში ალექსანდრ კლაკი იდგა, ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის ფინალისტი, ქართველი მოთამაშეებისთვის ნაცნობი მეკარე, გერმანულ “ჰომბურგში” ნიკა ჩხეიძის, რეზი არველაძის და გიო ნემსაძის გუნდელი.
“ჰომბურგში” მათთან ერთად ვენანტ ფულმაც ითამაშა, “ზაარბიუკენის” ლეგენდამ, ბერლინის კედლის წინარე და შემდეგ დროებაში გერმანულ ფეხბურთში ცნობილმა პოლონელმა.
1995 წელს გერმანიის თასის მეოთხედფინალში ქართველებითა და პოლონელებით დაკომპლექტებულმა “ჰომბურგმა” ანდრეას ბრემეს “კაიზერთან” ითამაშა. ცნობილი ჩეხის პაველ კუკას დუბლით “კაიზერი” დაწინაურდა, რასაც “ჰომბურგის” გამათანაბრებელი გოლები მოჰყვა. ამ მატჩში რეზი არველაძემ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა გამარჯვება დამატებით დროში “კაიზერს” დარჩა (3:4)
ქართველები პოლონეთში
საფრანგეთის მუნდიალის შესარჩევ ციკლამდე, რამდენიმე წლით ადრე ქართველი ფეხბურთელი პოლონელთა ჩემპიონატში ითამაშებს.
1990 წელს გია გურულმა სამშობლო დატოვა და ერთ-ერთი პირველი ლეგიონერი გახდა. თბილისის “დინამოდან” ტრანსფერი პოლონეთის მიმართულებით, ქართველი ფორვარდი “გკს კატოვიცეში” ჩაირიცხა. გურულმა პოლონეთის ჩემპიონატში ორი წარმატებული სეზონი ითამაშა, შემდეგ კი ფრანგულ “ლე ავრში” გადავიდა.
პოლონურ კლუბებში წლების განმავლობაში თამაშობდა მამია ჯიქია. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. 1995 და 1997-2008 წლებში სხვადასხვა პოლონურ კლუბებში ითამაშა, გამორჩეული პერიოდი “ამიცასა” და “რუხის” რიგებში გაატარა.
ალან ჟირესმა ჯიქია დანიასთან თბილისურ შეხვედრაში სასტარტოში ათამაშა. “დემეს” გატანილ გოლს პირველი მამუკა ჯიქია ულოცავს და სიხარულს ემოიციურად გამოხატავს. ინტერნეტში არსებული კადრებიდან გამომდინარე ქართველ გულშემატკივარს ამ მომენტიდან უნდა ახსოვდეს ჯიქია საქართველოს ნაკრების მაისურით.
“დონ ლეო”
1997-98 წლების სეზონის დაწყებამდე გიორგი დემეტრაძე “დინამოდან” წავიდა და კარიერა “ფეიენოორდში” გააგრძელა, ლეო ბეენჰაკერის გუნდში. “რეალის,” “აიაქსისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი “დემეს” იშვიათად ათამაშებდა.
21 წლის ქართველის გარდა “დონ ლეოს” გუნდში ვან ბრონჰორსტი, ირჟი დუდეკი, ხულიო კრუზი, პოლ ბოსველტი და ბონავენტურა კალუ თამაშობდნენ, თუმცა დემეტრაძემ კარიერა სულ სხვა ქვეყანაში გააგრძელა, იმ სეზონის შემდეგ “ალანიაში” წავიდა.
2006 წელს პოლონეთში ლეო ბეენჰაკერი ჩადის. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ისტორიული ტრადიცია დაარღვია, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს პოლონელი არ შეასრულებდა, ეს იყო უცხოელი – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვრთნელი.
ბეენჰაკერის ჩასვლამდე პოლონეთმა გერმანიის მუნდიალზე ითამაშა, მწვრთნელ პაველ იანასის გუნდმა მასპინძელ გერმანიასა და ეკვადორთან ქულაც ვერ აიღო, ხოლო კოსტა რიკას ბარტოს ბოსაჩკის დუბლით მოუგო.
ჰოლანდიელის მწვრთნელობის დროს პოლონეთმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი პორტუგალიასთან, ლისაბონში ჩაატარა, როცა მატჩის მიწურულს მოახერხა გათანაბრება, ხოლო საკუთარ მოედანზე სკოლარის გუნდს მოუგო.
საინტერესოა, რომ 2007-2009 წლებში ბეენჰაკერის ასისტენტად ადამ ნავალკა, პოლონეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი მუშაობდა.
მარცინ ბასჩინსკი და მაცეი ჟურავსკი
გერმანიის მუნდიალის მონაწილეებმა 2004 წელს “ვისლასთან” ერთად თბილისში ითამაშეს. გეგუჩაძის “დინამომ” პოლონელები მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. კრაკოვში 4:3 მარცხის შემდეგ, თბილისში 2:1 მოვიგეთ და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ის გამარჯვება დღემდე საუკეთესო შედეგად რჩება.
უგოლო ტაიმის შემდეგ პოლონელთა საჯარიმოში ბასჩინსკის ბურთი ხელზე მოხვდა, კენი კლარკმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გიორგი ნემსაძემ შანსი გამოიყენა და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც იმ დღეს, კარიერის ბოლო სეზონში ჩაატარა.
რამდენიმე წუთში ნემსაძის პასით კაკალაძემ შეაგდო. თამაშის შემდეგ პოლონური კლუბის მწვრთნელი ჰენრი კასპერჩაკი მარცხს გიორგი ნემსაძის ფაქტორს “აბრალებდა,” თუმცა გეგუჩაძის “დინამოში” სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებიც მაშინ გამოჩნდნენ და შემდეგ ნაკრების უცვლელ წევრებად იქცნენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 18 წლის ჯაბა კანკავა, “ვისლასთან” მატჩამდე ჟირესმა ალბანეთთან ათამაშა.
თბილისში გოლი ტომას ფრანკოვსკიმ გაგვიტანა. საგოლე პასი ჟურავსკიმ შეასრულა, თუმცა საპასუხო მატჩამდე იყო თამაში პოლონეთში, 3:4 წავაგეთ და ჟურავსკიმ იქ, საშინაო არენაზე ერთი გაგვიტანა.
საუკუნის დასაწყისის პოლონურ ფეხბურთში მაცეი ჟურავსკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “ვისლას” შემდეგ შოტლანდიაში წავიდა და გლაზგოს “სელტიკში” სამი წელი ითამაშა.
გოლი გლაზგოს დერბიში – ჟურავსკის შოტლანდიური კარიერის მნიშვნელოვანი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, იმ დღეს “აიბროქსზე” ერთადერთი გოლი პოლონელმა შეაგდო.
შესარჩევის ბოლო მატჩი
1997 წელს პოლონეთთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში მესამე გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. ის შეხვედრა ციკლის დასასრულს გაიმართა, ხოლო დღევანდელი მატჩის წინ ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა ბუნდოვანია.
90-იანი წლების თაობას ჩვეოდა მსგავსი გამარჯვებები. შესარჩევი ეტაპის ბოლოს ერთგვარი გამოღვიძება და ბოლო მატჩებში შედეგიანთან ერთად სანახაობრივი თამაში.
ასე მოხდა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევშიც, როცა უნგრეთისა და ლიტვის დამარცხების შემდეგ რუმინეთთან გასვლაზე ფრედ 1:1 ვითამაშეთ და ციკლი კარგ ხასიათზე დავასრულეთ.
1997 წელს პოლონეთთან აჩი არველაძის, ცხადაძისა და ქეცბაიას გოლებით მოვიგეთ. იმ შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი ნაკრებიდან წავიდა, დღეს კი, თამაშამდე ცნობილია ქეცბაიას წასვლის ამბავი.