უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში ტაშკენტის “ფახთაქორმა” სახლში სამარყანდის “დინამოს” 3:0 მოიგო და გამარჯვებულებში ერთი გოლი გუნდის კაპიტანმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ გაიტანა.
მან 30-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მახარაძე 66-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში მან 19 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით გუნდში საუკეთესოა. “ფახთაქორი” 54 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ პოზიციაზე მყოფ თანაქალაქელ “ლოკომოტივს” გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება. თან, უშუალო კონკურენტზე ერთი თამაშით ნაკლებიც აქვს.
რუსეთის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, ტიხვინის “ტოსნომ” გასვლაზე მახაჩყალის “ანჟისთან” 0:1 წააგო. მეკარე ნუკრი რევიშვილმა სრულად ითამაშა და 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად, მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. ნახევარმცველი მიხეილ გორელიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ფორვარდი ოთარ მარცვალაძე 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ტოსნო” 25 ქულით 18 გუნდში მე-3 ადგილზეა. “ანჟიში” ნახევარმცველ ლევან გვაზავას კვლავ არ უთამაშია. მახაჩყალელები 24 ქულით მეოთხეზე არიან.
“სახალინმა” შინ “სიბირთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა მასპინძელთა სასტარტოში პირველი წუთიდან იყო და მე-80-ზე შეცვალეს. სახალინელთა კიდევ ორი ქართველი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდნენ. ორი ტაიმი გაისარჯა რუსეთის მოქალაქე მცველი ლევან ჯღარკავა. “სახალინი” 11 ქულით მეთექვსმეტეა.
ნიჟნის ნოვგოროდის “ვოლგამ” სარატოვის “სოკოლი” მიიღო და 2:1 აჯობა. თავდამსხმელმა მერაბ ურიდიამ მატჩი ნიჟნინოვგოროდელთა სასტარტოში დაიწყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. “ვოლგა” 20 ქულით მეცხრეა.
“ბალტიკა” კალინინგრადში ტომსკის “ტომთან” 1:2 დამარცხდა. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ კალინინგრადელთა შორის მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ბალტიკა” 17 ქულით მეთორმეტეა.
ასტრახანის “ვოლგარმა” საკუთარ კედლებში ძერჟინსკის “ხიმიკს” ვერ მოუგო – 2:2. რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი თემურ ბუკია ასტრახანელთა რიგებში 66-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, “ხიმიკში” სრულად იასპარეზა. “ვოლგარი” 21 ქულით მერვეა, ხოლო “ხიმიკი” 10 ქულით მეჩვიდმეტე.
ბელარუსის თასის 1/8-ფინალში “სლუცკი” გასვლაზე ბორისოვოს “ბატესთან” 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ბორისოვოელებმა გადამწყვეტი გოლი 108-ე წუთზე გაიტანეს. თავდამსხმელმა უჩა გოგოლაძემ სლუცკელებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.
ესტონეთის თასის 1/8-ფინალში იოხვის “ლოკომოტივმა” სტუმრად ტალინის “კალევს” 3:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზეა. თავდამსხმელმა ლაშა ნავერიანმა ორი ტაიმი ითამაშა და 76-ე წუთზე “გააყვითლეს”. უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველი კოტე ალანია მოედანზე ასევე 90 წუთი იმყოფებოდა.