რაგბი

13:43 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელიტური ლეგიონერები ევროთასების წინ

ამ კვირაში იწყება ევროპის წამყვანი სარაგბო კლუბების ახალი გათამაშებები, რომლებიც “ჰაინეკენის თასისა” და “ამლინ ჩელენჯ ქაფის” მემკვიდრეები არიან და შესაბამისად, “ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი” და “ევროპული რაგბის ჩელენჯ ქაფი” ეწოდება, მანამდე კი, ინგლისის პრემიერლიგისა და საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსი” სტუმრად დამარცხდა “ნორთჰემპტონთან” - 10:43 და მასპინძლებს პრემიალური ქულაც დაუტოვა. ქართველი კვაჭი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 11 ქულით მე-10 ადგილზეა.

საფრანგეთის Top 14-ის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” 30:10 დაამარცხა, “ტულონის” მარცხით ისარგებლა და 31 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა. მატჩში სამივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. კოლელიშვილმა სრულად ითამაშა, ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ზირაქაშვილი შეცვლაზე 44-ე წუთზე შევიდა, ხოლო ყაულაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

კოლელიშვილმა ტაიმის მიწურულს მასპინძელთა მიერ გატანილ ორ ლელოში მიიღო მონაწილეობა. 38-ე წუთზე ის 5-მეტრა დერეფნის შემდეგ მოლის კუდში მოექცა და ჩათვლის მოედნამდე ბურთსაც თავად აკონტროლებდა. როგორც ჩანს, ბოლო მომენტში მან ოვალზე კონტროლი ბენჟამინ კაიზერს გადააბარა და ყველა სტატისტიკაში ლელოც მის ანგარიშზე ირიცხება. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე “კლერმონის” მრავალფაზიანი იერიშისას ერთი დარტყმა ქართველმა მესამეხაზელმა განახორციელმა და ორიოდე მეტრის მოგებით ჩათვლის მოედანს 5 მეტრამდე მიუახლოვდა. “კლერმონმა” მესამე ლელო თამაშის განახლებისთანავე გაიტანა, მაგრამ 75-ე წუთზე ერთი ლელო თავადაც გაუშვა და პრემიალური ქულა ვერ აიღო. “კლერმონს” 31 ქულა აქვს, “ლა როშელი” 15 ქულით მე-11 ადგილზეა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” სტუმრად ვასილ კაკოვინის “ტულუზასთან” 10:21 დამარცხდა. კაკოვინი და ჩილაჩავა ტრავმებს იშუშებენ, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო, ხოლო გორგოძე შეცვლაზე 42-ე წუთზე შევიდა. სამწუხაროდ, ქართველი მესამეხაზელი ნახევარი საათის შემდეგ დაშავდა და 72-ე წუთზე შეცვალეს. მარჯვენა მუხლის დაზიანების ხარისხი და სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი. ტულუზელებმა პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დებიუტში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 44-ე წუთზე 21:0 დაწინაურდნენ. 10 წუთში ჰაბანამ კონტრშეტევაზე საპასუხო ლელო გაიტანა და ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა, მაგრამ “ტულონმა” ქულის აღება ვერ მოახერხა და 28 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ტულუზა” 18 ქულით მე-8 ადგილამდე დაწინაურდა.

27 ქულით მესამეა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელმაც “კასტრი” პრემიალური ქულით 59:7 დაამარცხა. გიორგი ჟღენტის “ბაიონი” სტუმრად 19:24 დამარცხდა “ლიონთან”, პრემიალური ქულა ჩაიწერა და 17 ქულით მე-10 ადგილზეა. ქართველი პირველხაზელი შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, 75-ეზე კი “ბაიონმა” საჯარიმო ლელო დაიმსახურა და გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლოს ჯარიმის იქით გატანის ნაცვლად არეკნი თავად მიიღო და 1 ქულას დასჯერდა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” “ოიონაქსი” 25:9 დამარცხა და 26 ქულით მეოთხე ადგილზეა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, სულ ბოლოს “მონპელიემ” საჯარიმო ლელო დაიმსახურა და დამსახურებული 4 ქულა ჩაიწერა.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ვეტერანი პირველხაზელი გოდერძი შველიძე. მისი და კარლენ ასიეშვილის “ბრივი” სტუმრად “გრანობლის” დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 78-ე წუთზე გარდასახვა ვერ გაიტანა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 25:26. შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ეზე ასიეშვილმა შეცვალა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 20:7 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორეში ორი ლელო თავად მიიღეს (სულ სამი) და უპირატესობა ჯარიმების ხარჯზე შეინარჩუნეს. “ბრივმა” პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯამში 14 ქულით მე-13 ადგილზეა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 23:19 დაამარცხა. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია, ჟვანია და ქუბრიაშვილი კი შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდნენ. ამ დროს მასპინძლები 20:19 იგებდნენ, 78-ეზე ჯარიმა გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “სტად ფრანსე” 26 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “რასინგ მეტრომ” პრემიალური ქულა აიღო და 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

Top 14-ში ახლა ორკვირიანი შესვენებაა, რადგან გუნდები ევროთასებში ჩაებმებიან, ხოლო საფრანგეთი ჩემპიონატი 1 ნოემბერს განახლდება.

თეგებიTop 14
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134011