„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი უსმან დემბელე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, რაც უბრალო სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს.
„არსენალთან“ გოლი მისთვის სეზონში 33-ე იყო (ყველა ტურნირზე). უსმანმა აქამდე ჩატარებულ 45 მატჩში 45 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა - 33 გოლი და 12 საგოლე პასი.
33-დან 25 გოლი მან 2025 წელს გაიტანა და 2019 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან, რომელმაც მინიმუმ 25 გოლი გაიტანა წლის საწყის ოთხ თვეში. 2019 წელს მსგავსი მაჩვენებელი ლიონელ მესის ჰქონდა.
დემბელემ გაიმეორა პსჟ-ს რეკორდი: ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 11 (8 გოლი, 3 ასისტი). მსგავსი შედეგი 2020-2021 წლების სეზონში კილიან მბაპემ აჩვენა და პსჟ-ს ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია.
ფრანგმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ მატჩში მცირე ტრავმაც მიიღო და მის შესახებ ლუის ენრიკემ თქვა: „დემბელეს მდგომარეობა ჯერ არ ვიცი, ხვალ ჩაუტარდება გამოკვლევა, სერიოზული არაფერია, მსუბუქი ტრავმაა, მაგრამ საპასუხო მატჩში მისი თამაში საეჭვოა. თუ ითამაშებს, ხომ კარგი, თუ არადა, სხვა ფეხბურთელი შეცვლის“.
უფრო ოპტიმისტური კომენტარი ჰქონდა თანაგუნდელის მდგომარეობაზე აშრაფ ჰაკიმის: „უსმანმა თავისი გააკეთა - გოლი გიტანა. ის კარგადაა, გასახდელში იღიმოდა, უბრალოდ, ცოტა დაღლილი იყო“.
ფაქტია, რომ პსჟ-სთვის დემბელე დიდი ძალაა და ისეთი დემბელე, როგორიც ბოლო ოთხ თვეში ვნახეთ, არასდროს გვინახავს.