ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ისტორიის დაწერასთან ძალიან ახლოს არიან და ფანებს მოუწოდა, რომ ფეხბურთი ერთად ითამაშონ:
„რეალთან“ „ემირეითსზე“ წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტი გვჭირდება, ვიდრე „რეალის“ წინააღმდეგ ვნახეთ და არ ვაჭარბებ! მოდით სტადიონზე ბუცებით, შორტებით და მაისურებით, მოდი, ყველამ ერთად ვითამაშოთ. გსურთ ნახოთ რაიმე განსაკუთრებული? მოდი, შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს და ეს უზარმაზარ ენერგიას მოგვცემს. დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვაჩვენოთ ვინ ვართ და სად გვინდა წასვლა.
ყველა მატჩი განსხვავებულია, კონტექსტი განსხვავებულია. თუმცა, გავაანალიზეთ პსჟ-ს მატჩი „ასტონ ვილასთან“, ისევე, როგორც ჩვენთან გამართული მატჩი, რომელიც ოქტომბერში იყო. ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ დიდი საქმეები გავაკეთოთ.
საპასუხო მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გველოდება, მაგრამ ჩვენ უკვე ვითამაშეთ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, რაც ფეხბურთში ყველაზე დიდი გამოცდაა და ის წარმატებით ჩავაბარეთ. ამან ჩვენი თავდაჯერება გაზარდა.
გვაქვს შანსი ისტორია დავწეროთ, ახლა ძალიან ახლოს ვართ. ის რთული დღეები, რაც დროთა განმავლობაში განვიცადეთ, უდავოდ საჭირო იყო ჩვენთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ქალთა გუნდი ფინალში უკვე გავიდა? ის, რასაც გოგონებმა მიაღწიეს, ჩვენთვის შთაგონების წყაროა.
პსჟ-ს მადლიერი ყოველთვის ვიქნები, არ დამავიწყდება აქ გატარებული პერიოდი და მადლობელი ვარ შანსისთვის, რომელიც მაშინ მომცეს. ცოტა ხნის წინ ვნახე ფოტო, რომელშიც რონალდინიოსთან ერთად ვარ, ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იყო“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.