„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, „ლივერპულთან“ გამარჯვებით მისი გუნდის თავდაჯერება ძალიან გაიზარდა, თუმცა იცის, რომ ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავდება:
„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, მაგრამ ორი მატჩია ორ გუნდს შორის ერთი და იგივე მიზნით. მთავარი იქნება წნეხის მართვა, ეს მაქსიმალურად კარგად უნდა ვმართოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მეტოქის კარგ და ცუდ მხარეებზე არ ვსაუბრობ, „არსენალი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რამდენიმე წელია მწვრთნელი შესანიშნავად მუშაობს. ნახევარფინალში ყოფნას ოთხივე გუნდი იმსახურებს, მაგრამ ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი უპირატესობა. ვფიქრობ, ჩემი გუნდი უკეთესია, მაგრამ ზოგს „არსენალი“ ურჩევნია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
„არსენალი“ და პსჟ ერთმანეთს ჰგვანან. გუნდები, რომლებსაც შეუძლიათ დაცვაც და შეტევაც, მაღალი დონის ფეხბურთელებით, ინდივიდებზე დამოკიდებულების გარეშე. „არსენალი“ საუკეთესოა გუნდია, ვინც მეტოქედ გვყავს? არ ვიცი, ძნელი სათქმელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩვენც საუკეთესოებს შორის ვართ.
"არსენალთან" მატჩიდან დიდი ხანი გავიდა, 7 თვის წინ იყო. ვფიქრობ, მას შემდეგ დიდი განსხვავებებია. ვუყურე იმ მატჩს და დავინახე ჩვენი პროგრესი. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, ეს ვაჩვენეთ მთელი შეჯიბრის განმავლობაში. ურთულესი ლიგის ფაზის ეტაპი გვქონდა და ახლა ნახევარფინალში ვართ. თავიდან ეს საზიანო იყო, მაგრამ საბოლოოდ პოზიტიური გამოდგა, რადგან დაგვეხმარა გუნდის ჩამოყალიბებაში და ახლა უფრო მეტი გვერდის დაწერა გვინდა.
გუნდში ატმოსფერო შესანიშნავია. გუნდში ყველაზე მოწყენილი ადამიანი მე ვარ, ასე რომ, წარმოიდგინეთ სხვები როგორები არიან. შეგიძლიათ, თქვენი აზრები დააფიქსიროთ, უარყოფითიც, არ მეშინია, ახლა რაღაც ნეგატიურს ვგრძნობ, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე. ყველა სათამაშო ასპექტზე ვმუშაობთ, მათ შორის, სტანდარტულებზეც, თორემ, როგორ ფიქრობთ, მწვრთნელის ლიცენზიას მომცემდნენ?
ჩვენი მიზანია გასულ სეზონში ამ ტურნირზე ამავე ეტაპზე მიღწევის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ. მიზნის მიღწევა რთულია, მაგრამ ეს ზეწოლა არ გვახრჩობს. ამბიციურები ვართ, როდესაც ისტორიის შექმნაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ისეთი რამის გაკეთებას, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. გუნდს დიდი თავდაჯერებულობა აქვს, ზოგჯერ ნაკლებად ბრწყინვალე ვართ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. იმ ფაქტმა, რომ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოგვიგია, უმაღლეს დონეზე თამაშში ხელი არ უნდა შეგვიშალოს, თუმცა არც "არსენალს" მოუგია. ეს უნდა გვახსოვდეს, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც მოედანზე უნდა გავაკეთოთ.
„ლივერპულთან“ გამარჯვება ჩვენთვის თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ძალიან დადებითი იყო, თუმცა ყველა თამაში განსხვავებული და ეს ვიცით. მოვიგეთ გუნდს, რომელიც პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. ყველა ამბობს, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, არ ვიცი, დავეთანხმები თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, შემიძლია ვთქვა კი ან არა, მაინც ყველა გამაკრიტიკებს.
გამარჯვების მოტივაცია გვაქვს, ორი გუნდიდან ერთი გავა ფინალში და იმედი მაქვს, რომ ეს პსჟ იქნება. თავდაჯერებულები ვართ და მატჩს მოუთმენლად ველოდებით“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.