„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა, წყვილში ფავორიტი არ არსებობს და რთულ მატჩს ელოდება, რომელშიც შეიძლება გადამწყვეტი მცირე დეტალები იყოს.
„ნახევარფინალში შარშანაც გავედით, თუმცა სამწუხაროდ მაშინ ფინალში ვერ გავედით. თუმცა, გამოცდილება მივიღეთ, შესაძლოა, ახლა უკეთ ვმართოთ გარკვეული სიტუაციები, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება და შედეგიც განსხვავებული გვექნება.
„არსენალთან“ მატჩი დიდი ხნის წინ იყო, ბევრი რამ მოხდა, ბევრი თამაში გაიმართა. აუცილებლად განსხვავებული მატჩი იქნება. არ ვართ იგივე გუნდი, რომელიც ოქტომბერში ვიყავით, ახლა უფრო მომზადებული ვიქნებით. რა თქმა უნდა, ვეცდებით, განსხვავებულ შედეგს მივაღწიოთ. თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ, ჩვენი თამაშის ერთგული ვართ და გვსურს, ხვალ გავიმარჯვოთ.
ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ამ მატჩში მონაწილეობა ყველას ოცნებაა. 1000%-ით მზად ვართ. „ნანტსა“ და „ნიცაზე“ აღარ ვფიქრობთ, გვინდოდა, უკეთესი შედეგის ჩვენება, მაგრამ ეს უკვე წარსულია, მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ და მოგება გვინდა.
დემბელე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ყოველთვის სჯობს ის გყავდეს, ვიდრე - არა. დემბელე ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგვეხმაროს და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ მის დასახმარებლად.
ფავორიტი არ არსებობს, სტუმრად ვთამაშობთ და შეიძლება, რაღაც განსხვავებული იყოს, მაგრამ ამ ნახევარფინალურ წყვილში ფავორიტს ვერ ვხედავ. ორივე გუნდისთვის ძალიან რთულ მატჩს ველოდები, რომელშიც მცირე დეტალები შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ვეცდებით, რომ შეცდომები მაქსიმალურად შევამციროთ. ემოციების მართვა ამ ტიპის მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, სიმშვიდის შენარჩუნება. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია“, - თქვა ვიტინიამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.