მილანის „ინტერს“ კრიზისი დაეწყო, ყოველ შემთხვევაში, ბოლო სამი მატჩი ამაზე მიანიშნებს.
სიმონე ინძაგის გუნდიმა, რომელიც ტრებლს უმიზნებდა და ამას არც არავინ მალავდა, მიზანს ვერ მიაღწია, შუა კვირაში იტალიის თასს „მილანთან“ 0:3 მარცხით დაემშვიდობა.
გარდა ამისა, სერია A-ში უკვე ზედიზედ მეორედ წააგო: ერთი კვირის წინ სტუმრად „ბოლონიასთან“ 0:1 და ახლა შინ „რომასთანაც“ 0:1. მატიას სულემ 22-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც გამარჯვების მომტანი რომაელთათვის აღმოჩნდა.
ასე რომ, „ინტერმა“ სერია A-ში ბოლო ორი მატჩი წააგო ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა, ყველა ტურნირზე კი, ბოლო სამ თამაშში დამარცხდა გოლის გარეშე...
„ინტერი“ 71 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს ლიდერობას, მაგრამ „ნაპოლის“ ამ ტურში სათამაშო აქვს და შეუძლია წინ გაიჭრას, სეზონის ბოლომდე მხოლოდ 4 ტური რჩება. „ინტერი“ მომდევნო ტურში „ვერონას“ უმასპინძლებს, იქამდე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონას“ შეხვდება.
„რომა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, 60 ქულით უკვე მეხუთე ადგილზეა.