საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ნიცასთან“ დამარცხდა, შესაბამისად, ჩემპიონატში წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ლუის ენრიკეს და მის გუნდს ძალიან სურდათ, ლიგა 1-ის სეზონი დამარცხების გარეშე დაესრულებინათ, მაგრამ „ნიცასთან“ ფეხი დაუცდათ. ეს პსჟ-ს ცუდი თამაშით არ იყო განპირობებული, უფრო მეტად „ნიცას“ მეკარის, მარცინ ბულკას და შემტევის, მორგან სანსონის დამსახურებაა.
პოლონელმა მეკარემ 11 მოგერიება მიითვალა, ერთმანეთზე უფრო რთული დარტყმები მოიგერია, სანსონმა დუბლი შეასრულა. პსჟ-ს ძალიან ბევრი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, „ნიცამ“ გამოიყენა თავისი შანსები და შინ 3 ქულით დაბრუნდა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ძალიან წაადგება.
პსჟ-ს ეს მარცხი ლიგა 1-ში ვერაფერს დააკლებს, ჩემპიონია, 78 ქულით პირველ ადგილზეა და ამ მხრივ არაფერი უმუქრება, მაგრამ წაუგებლად ჩემპიონობა კი, აღარ გამოვიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიურობდა, გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. პარიზელთა ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა უსმან დემბელეს პასით.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, ქართველის აქტივში 13 მატჩში ორი გოლი და სამი საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 29 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ გამართავს.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ნიცა“ 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 სანსონი (34), 1:1 ფაბიან რუისი (41), 1:2 სანსონი (46), 1:3 ნდაიშიმიე (70)