მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი, ჩეხი იან სვობოდა, ბულგარელი ჰრისტო ვალკოვი და აზერბაიჯანელი ზელიმ ტცკაევი დაამარცხა, რის შემდგომაც ფინალში გავიდა, სადაც რუს ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვიდნენ, მაგრამ ორივე მათგანი ჯერ მეოთხედფინალში და შემდეგ რეპეშაჟში დამარცხდა, შესაბამისად, ისინი მედლის გარეშე დარჩნენ.
საქართველოს მონაგარი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის სამი მედალია: გიორგი სარდალაშვილმა ოქრო, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვეს.