კალათბურთი

0:18 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უნიკსმა” ბაგატსკისის გუნდთან მეორედაც წააგო

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი წააგო და ვინაიდან ხუთ ტურში უკვე 4 მარცხი მოუგროვდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.

კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდთან” შეხვედრაში ყაზანელები ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა, ისევე როგორც კვირის დასაწყისში, ვთბ-ლიგაზე, მარცხი განიცადეს – 73:79.

შეგახსენებთ, რომ ნოვგოროდელებს “სოხუმში” ნამუშევარი ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგატსკისი წვრთნის და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდს ახლო მომავალში ქართველი ფორვარდი ლევან ფაცაციაც უნდა შეუერთდეს.

რაც შეეხება სანიკიძეს, იგი გასულ მატჩში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 15:26 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელის მონაგარი 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება გახლდათ.

ვიქტორმა 2 საჯარიმო ჩააგდო, თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო კოსტას კაიმაკოღლუ იყო – 12 ქულით და 6 მოხსნით, სტუმრებს კი ამერიკელმა ტეილორ როჩესტიმ (24 ქულა) და ბელარუსმა არტიომ პარახუსკიმ (19 ქულა, 9 მოხსნა) ულიდერეს.

“უნიკსს” ევროლიგაში მომდევნო მატჩი 20 ნოემბერს, ისევ შინ, თურქულ “ანადოლუ ეფესთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117675