„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნიცასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ლიგა 1-ში ჩემპიონობის მიუხედავად, მოტივაცია კიდევ აქვთ, მაგალითად, ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება:
„ეს განსაკუთრებული სცენარია, ვფიქრობ, პირველი შემთხვევაა, როცა ამდენი მატჩით ადრე გავხდით ჩემპიონები. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს რეკორდები დასამყარებელი, რაც მოტივაციას გვაძლევს. „არსენალთან“ მატჩისთვის სტანდარტებზე განსაკუთრებულ მომზადებას არ ვაპირებთ, რადგან გუნდს მშვენივრად ვიცნობთ, მიმდინარე სეზონში უკვე ვეთამაშეთ. ჩვენ იგივე ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს, რაც სეზონის დასაწყისიდან გვქონდა და რამაც აქამდე მოგვიყვანა. რა თქმა უნდა, რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ არ არსებობს სრულყოფილი გუნდი და ვერც ჩვენ ვიქნებით.
მნიშვნელოვანია, რომ ფრანგი ფეხბურთელები სწავლობენ სხვა ენებს და ისმენენ პორტუგალიურს, იტალიურს, ესპანურს, გერმანულს, რუსულს, ინგლისურს. რაც უფრო მეტ ენაზე საუბრობენ, მით უკეთესი, მაგრამ ეს არის ფრანგული კლუბი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გასახდელში მთავარი ენა ფრანგული იყოს, ეს არის კლუბი, სადაც ვარ და ვმუშაობ, ფრანგული ენა მჭირდება ფრანგული კულტურის და ფრანგი ხალხის გასაცნობად.
ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით გუნდში დიდი პროგრესია, შარშან ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, წელს უფრო თავდაჯერებულები და თანმიმდევრულები ვართ. მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის რთული ფაზის ეტაპი ზრდაში დაგვეხმარა. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-ს საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ.
სიმართლე გითხრათ, თუ ვინმე გარანტიას მომცემს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ, „ნიცასთან“ წაგებას ხელს მაშინვე მოვაწერ, რადგან ჩვენთვის მთავარი რეკორდები არაა, არამედ ტიტულების მოგება, რითაც ისტორიაში შესვლა შეგვიძლია. თუმცა, რადგან ამ გარანტიის მოცემა არავის შეუძლია და ამბიციური გუნდი ვართ, იმედი გვაქვს, რომ ამ რეკორდის მოხსნას შევძლებთ.
„ნიცასგან“ ველოდები, რომ მაღალი პრესინგით ითამაშებს და მაღალი დაცვითი ბლოკით. თუმცა, ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვართ. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ტიტულები მოიგოს, ყველაფერი, მაგრამ იმ ფეხბურთით, რომელსაც აქამდე ვაჩვენებდით, შეტევაში თამაშით, ერთიანობით.
როდესაც ასეთ რეკორდს ამყარებ, რომელიც ითვალისწინებს გასვლით მატჩებს, ორწლიან პერიოდს, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, თუ რისგან შედგება გუნდი. ვიყავით მყარი, თანმიმდევრული და კონკურენტუნარიანი ყოველდღე. ეს უნდა იყოს მოტივაცია, რომ ასევე გავაგრძელოთ. სეზონის დასასრული ახლოვდება და ჩვენი მიზნები ჯერ კიდევ არსებობს, ისინი ახლოს არიან, მაგრამ ასევე შორსაც, რადგან მეტოქეებსაც იგივე მიზნები აქვთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიცას“ მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.