საქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯარას სრულად აითვისებს და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 5 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ფარერების ნაკრებს უმასპინძლებდა, ახლა კი, გაირკვა, რომ მეორე სპარინგ მეტოქე კაპო ვერდეს ნაკრები იქნება.
ამრიგად, 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე ვილი სანიოლის გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მოგვიანებით გაგაცნობთ. ორივე ამხანაგური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.