ფეხბურთი

1:35 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის საგოლე პასის მიუხედავად "ლიონი" დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენმა“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

თანაც, დერბიში მოგება ორმაგად მნიშვნელოვან იყო მასპინძლებისთვის, სატურნირო ცხრილს თავი რომ დავანებოთ.

„სენტ ეტიენმა“ ლუკა სტასენის დუბლით მოიგო, რომელმაც მე-10 და 67-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი. „ლიონმა“ 76-ე წუთზე ტანერ ტესმანის გოლით შეამცირა სხვაობა, საგოლე პასი გიორგი მიქაუტაძემ ჩაიწერა აქტივში. თუმცა, ეს „ლომების“ მაქსიმუმი გამოდგა.

დავითაშვილი მოედანზე 89-ე წუთამდე იყო, მიქაუტაძე შეუცვლელად. გოლის გატანა ორივეს შეეძლო, მაგრამ მოედანი უგოლოდ დატოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ფანების მხრიდან ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც მატჩი გარკვეული დროით შეწყვეტილი იყო.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 30 მატჩი, 9 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონი“ 30 ტურის შემდეგ 51 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 აპრილს, „რენს“ უმასპინძლებს, ხოლო „სენტ ეტიენს“ იმედი გაუჩნდა, რადგან 27 ქულა დააგროვა, ჯერ ისევ ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა გასავარდნ ზონაში, მაგრამ წინ „ლე ავრი“ მხოლოდ ბურთების ბალანსითაა. მომდევნო ტურში დავითაშვილის გუნდი 26 აპრილს, „სტრასბურს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072627