„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლე ავრთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვა, რომ მათი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა, რისთვისაც იბრძვიან:
„ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა ისეთი ტურნირის შემდეგ, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, სადაც მთელი ენერგიის დახარჯვა გიწევს. „ლე ავრს“ ქულები სჭირდებოდა, ჩვენ ჩემპიონთა ვართ, შესაბამისად, ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ცუდი მატჩი გვქონოდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ ვნახეთ. ფეხბურთელებმა მათთვის განსხავებულ პოზიციებზეც ითამაშეს და ეს კარგად გააკეთეს. ბურთით და უბურთოდ მაღალ დონეზე ვითამაშეთ.
საერთო მიზანი გვაქვს - ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისთვის. უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, რათა მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგისთვის და საფრანგეთისა თასის ფინალისთვის. ყველა ფეხბურთელმა უნდა ისარგებლოს წუთებით, განურჩევლად პოზიციისა, რათა გუნდს დაეხმაროს. ეს ნიშნავს, რომ არ დააყენო შენი პირადი ინტერესი გუნდის ინტერესებზე მაღლა. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და ამ საჭიროებას უპასუხეს.
დღეს აშკარად ხაფანგის მატჩი იყო. შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი სტატისტიკის გაუმჯობესება, მაგრამ უკვე ჩემპიონები ვართ. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ფეხბურთელებმა სხვადასხვა პოზიციაზე კარგად ითამაშეს.
რა არის პრიორიტეტი სეზონის დარჩენილ ნაწილში? მხოლოდ ერთი კლუბი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, დანარჩენი სამისთვის ეს მარცხი არ იქნება, საფრანგეთის თასსაც ერთი გამარჯვებული ეყოლება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. გვინდა ისტორიის დაწერა, რაც მოტივაციას გვაძლევს, იმედი მაქვს, ყველა ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ 77 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონი უკვე გახდა და ისევ დაუმარცხებელია, ხოლო მომდევნო მატჩს 22 აპრილს, „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.