საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის ბოლო ტურში ჯგუფის ლიდერ საფრანგეთს უმასპინძლა და დაუზავდა - 3:3.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ძლიერი მეტოქის და ფავორიტის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლა, გამარჯვებასთანაც უფრო ახლოს იყო. მეექვსე წუთზე ჩვენი გუნდი უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა ლევან სვანიძისა და ვახტანგ ჯვარაშვილის გოლებით, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს დე სა ანდრადეს გოლით უპასუხეს.
მეორე ტაიმის სტარტზე საფრანგეთმა მოჰამედის გოლით გათანაბრება შეძლო. შემდეგ უპირატესობას ისევ საქართველო დაეუფლა, თუმცა მეტოქე მეკარემ რამდენჯერმე იხსნა, ბურთი ერთხელ ძელს და ერთხელ ხარიხასაც მოხვდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, ლუტენის გოლით ფრანგები დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ორ წუთში არჩილ სებისკვერაძემ აღადგინა წონასწორობა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სებისკვერაძეს საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე გამარჯვების გოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.
საბოლოოდ, ჯგუფში საფრანგეთი 16 ქულით გავიდა პირველ ადგილზე და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. საქართველომ 13 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რითაც 10 მეორეადგილოსნიდან 8 საუკეთესოში მოხვდა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ორმატჩიან დაპირისპირებაში იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.
პლეი-ოფის მატჩები სექტემბერშია დაგეგმილი, ხოლო მეტოქე 15 მაისს, წილისყრის შედეგად გაირკვევა. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში ერთხელ აქვს ნათამაშები, 2022 წელს, როცა მეოთხედფინალამდე მისვლაც შეძლო, რადგან ჯგუფიდან აზერბაიჯანისა და ბოსნიის წინააღმდეგ გაიმარჯვა, ხოლო ესპანეთთან ჯგუფში და შემდეგ მერვედფინალში რუსეთთან დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 ნაკრები ითამაშებს: მეინ-რაუნდის 10 ჯგუფის გამარჯვებული, 4 ნაკრების ვინაობა პლეი-ოფიდან გაირკვევა სექტემბერში, ამ 14 ნაკრებს კი, ორი მასპინძელი, ლატვია და ლიეტუვა შეუერთდებიან. ფინალური ეტაპი 2026 წლის 18 იანვრიდან 8 თებერვლამდე რიგასა და კაუნასში ჩატარდება.
საქართველო - საფრანგეთი 3:3 (2:1)
გოლები: 1:0 სვანიძე (5), 2:0 ჯვარაშვილი (6), 2:1 დე სა ანდრადე (20), 2:2 მოჰამედი (24), 2:3 ლუტენი (30), 3:3 სებისკვერაძე (32)