ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სტუმრად „კორდობასთან“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
ვალენსიელები პირველ ტაიმში როხერ ბრუგეს გოლით დაწინაურდნენ, რასაც მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზე უპასუხეს. თუმცა, ხულიან კალეროს გუნდმა 92-ე წუთზე გოლი მაინც გაიტანა, თავი ალექს ფორესმა გამოიჩინა. თუმცა, სტუმრებმა ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება, რადგან 97-ე წუთზე გაუშვეს და ფრე - 2:2.
სხვათა შორის, „ლევანტეს“ მოგება მაინც შეეძლო, 99-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყეს და საბოლოოდ, ქულები გაანიავეს.
გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ნახევარმცველს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მოგეხსენებათ, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი ლისაბონის „სპორტინგთან“, რომელსაც ივლისში შეუერთდება.
„ლევანტე“ 63 ქულით ლიდერობს ლა ლიგა 2-ს „ელჩესთან“ ერთად, მაგრამ „ელჩეს“ ამ ტურში არ უთამაშია. კალეროს გუნდი მომდევნო მატჩს 19 აპრილს, შინ „სარაგოსასთან“ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია