„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, კვარაცხელიაში არის ყველაფერი, რაც პსჟ-ს პროექტშია:
„კვარა ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, მისი ყიდვა 2023 წელს, ჩემი აქ მოსვლის დღიდან მინდოდა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც პსჟ-ს პროექტშია: ახალგაზრდულ ასაკს, ბურთით ხარისხს, ბურთის გარეშე დაცვით უნარებს და ძალიან ძლიერ ფიზიკურ ძალას. ძლიერი ხასიათი და გამოცდილება აქვს. დღეს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო, მაგრამ შეიძლებოდა, „ლივერპულთანაც“ მიეღო.
ჩემნაირი მწვრთნელისთვის ძალიან კარგია მისნაირი ფეხბურთელის ყოლა, თავისი მენტალიტეტით. მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გასულ ზაფხულს ვცადეთ მისი გადაბირება და არ გამოგვივიდა, მაგრამ იანვარში მოულოდნელად ამის შანსი გაგვიჩნდა და გამოვიდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე რა თქმა უნდა, თამაშის შესახებაც ისაუბრა:
„ისეთი მატჩი ვნახეთ, როგორსაც ველოდით - მეტოქე დაბალი დაცვითი ბლოკით, რომელსაც კონტრშეტევებზე ჩვენთვის ზიანის მოყენება სურდა. ვაკონტროლებდით მატჩს, მაგრამ რთული იყო ასეთ მეტოქესთან. თუმცა, სტაბილურად ვითამაშეთ, გუნდმა აჩვენა, რომ მზად იყო ნებისმიერი მეტოქისთვის წინააღმდეგ. მეორე მატჩი სათამაშოა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის.
სამშაბათის მატჩებს თუ შევხედავთ, ფავორიტზე საუბარს აზრი არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა შედეგს, ჩვენი მიზანი ბირმინგემშიც თამაშის მოგება იქნება. გვინდა შეტევა, ესა ჩვენი იარაღი და ის, რის გაკეთებასაც საპასუხო მატჩში ვეცდებით.
დუეს გავუბრაზდი? არა, მე არ ვბრაზდები, თუ ფეხბურთელი დრიბლინგს აკეთებს. ის კარგი ინდივიდუალისტია, მას აქვს ეს ხარისხი, აქვს დარტყმა, ყველაფერი, რაც პსჟ-ში სათამაშოდ ფეხბურთელს სჭირდება. გამიმართლა, რომ სათადარიგო სკამზე მყავს კან-ინ ლი, ბარკოლა, რამოში, ლუკა ერნანდესი, უორენ ზაირ-ემერი, ეს არის პსჟ-ს სიდიადე.
ემერის სჯერა, რომ მოიგებენ? განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი, მისთვის ნორმალურია, რომ ოპტიმისტი იყოს, მეც ასეთი ვარ. ბირმინგემში მოსაგებად წავალთ.
„ასტონ ვილა“ დიდ გუნდებს ყოველთვის უტევდა, მაგრამ ჩვენ პრესინგზე ძალიან კარგად ვითამაშეთ, ისინი თავს იცავდნენ იმაზე მეტად, ვიდრე ვიფიქრებდით, მაგრამ დიდი რესურსის მქონე გუნდია, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.
ისევ პირველად გავუშვით? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ადრეც დაგვემართა, მაგრამ ასე ვთამაშობთ, ის ფაქტი, რომ ვაქამბექებთ, ჩვენს ძალისხმევასა და მებრძოლ სულისკვეთებაზე მეტყველებს“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.
„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.