ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, პსჟ ტურნირის ფავორიტებშია, მაგრამ მისი გუნდი თავდაჯერებულია:
„ასტონ ვილა“ ისტორიული კლუბია და როდესაც მე მოვედი, უკვე ვიცნობდი მის ისტორიას. პარიზში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში რაღაც განსაკუთრებულია ყველასთვის, ვინც „ასტონ ვილასთან“ ასოცირდება, მაგრამ გვინდა, რომ ეს მუდმივად გავაკეთოთ. ეს იქნება დიდი გამოწვევა ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. ვეცდებით, ჩვენი ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ.
პარიზში ორი წელი გავატარე, სასიამოვნოა აქ დაბრუნება, რაც პირველად მოხდება მას შემდეგ, რაც პსჟ-დან წავედი. ეს ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ვამაყობ, რომ აქ „ასტონ ვილასთან“ ერთად დავბრუნდი, ვეცდები, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისგან სიამოვნება მივიღოთ.
პსჟ-მ „ლივერპული“ დაამარცხა, რომელიც ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, რადგან ფაზის ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. თუმცა, პსჟ-მ ისინი დაამარცხა და ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა, გამარჯვება დაიმსახურა. ახლა, „რეალთან“, „ბაიერნთან“, „ბარსელონასთან“ ერთად პსჟ ფავორიტებშია. ლუის ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ამას ამტკიცებს, არა მხოლოდ „ბარსელონაში“, პსჟ-შიც აჩვენებს, რომ ასეა, ესპანეთის ნაკრებსა და „სელტაშიც“ შესანიშნავად მუშაობდა.
ხვალ გამოწვევაა, მაგრამ ისეთი, როგორიც აქამდეც გვქონია და გვინდა ვიბრძოლოთ, მოედანზე გმირები ჩვენ ვიყოთ. ეს არ არის ჩემი და ლუის ენრიკეს დაპირისპირება, რომელსაც ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ და სასიამოვნო იქნება მასთან შეხვედრა“, - თქვა ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.