ფეხბურთი

21:12 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ახალი თავგადასავალი ზაფხულში: ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ლიგა 1-ის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდა, გარდა ამისა, საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის.

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მოგებული აქვს ისეთი ქვეყნის ჩემპიონატები, როგორებიც იტალია და საფრანგეთია, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი ტიტულების რაოდენობის გაზრდის დიდი შანსია.

ლუის ენრიკეს გუნდი თასის ფინალშია, სადაც ლიგა 1-ის გასავარდნ ზონასთან მყოფ „რეიმსს“ შეხვდება, შესაბამისად, აშკარა ფავორიტია, რომ ეს ტიტულიც მოიგოს. ფინალი 24 მაისს, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. სხვათა შორის, „რეიმსი“ ლიგა 1-ში დასარჩენად კი იბრძვის და პსჟ საოცარ სეზონს ატარებს, მაგრამ მიმდინარე სეზონში პარიზელებმა „რეიმსს“ ვერცერთი მატჩი მოუგეს, ვერც სტუმრად, ვერც შინ - ორჯერვე 1:1 დაფიქსირდა. პარიზულ შეხვედრაში სულაც კვარაცხელიას დებიუტი შედგა, რომელშიც საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ მეოთხედფინალშია და ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ორმატჩიანი დუელი ელოდება. ინგლისური გუნდი მაგარ ფორმაშია, ბოლო 7 მატჩი მოიგო, მაგრამ ფავორიტი ალბათ, მაინც პსჟ არის. ამ დაპირისპირების მოგების შემთხვევაში პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალი“ ან მადრიდის „რეალი“ ელოდება.

2024-2025 წლების სეზონის დასრულებამდე „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ის ექვსი მატჩი, თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის მატჩები დარჩა (მინიმუმ ორი, მაქსიმუმ - ხუთი).

თუმცა, სეზონი ამით არ დასრულდება: ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 32 გუნდი ითამაშებს, ტურნირს ამერიკა უმასპინძლებს და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პსჟ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოვა.

პსჟ-ს კალენდარი მსოფლიოს ჩემპიონატზე

უკვე ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჯგუფში 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, 20 ივნისს, 05:00 საათზე ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“, ხოლო ბოლო ტურში 23 ივნისს, 23:00 საათზე ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“. ასე რომ, პსჟ-ს და კვარას ივნისში და ალბათ ივლისშიც, ახალი თავგადასავალი ელოდებათ, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსიც ექნებათ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 8 ოთხგუნდიანი ჯგუფია, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალში გავა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას პლეი-ოფიდან 16 გუნდი გააგრძელებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116584