ფეხბურთი

18:55 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

AS: "ბერნაბეუზე" მამარდაშვილი ისევ უცხოპლანეტელი იყო"

ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი მადრიდის „რეალთან“ „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა.

სტატიაში ნათქვამია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ის უცხოპლანეტელი იყო და „რეალის“ მადრიდში დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეკარე ასე ითამაშებს:

„უნდა მეჩვენებინა ვინ ვარ“ - გიორგი მამარდაშვილის სიტყვებია, რომელიც „რეალთან“ მატჩს არასტაბილური სეზონით შეხვდა. ფაქტობრივად, საუბარი იმაზეც კი იყო, რომ სტოლე დიმიტრიევსკის დაეკავებინა მისი ადგილი, მით უმეტეს, რომ სეზონის ბოლოს მამარდაშვილი ლივერპულში გაემგზავრება.

თუმცა, „ბერნაბეუზე“ ის კვლავ უცხოპლანეტელი იყო. ის იყო თამაშის MVP და მის სტატისტიკას 8 სეივი დაამატა, რამაც მადრიდის „რეალის“ სახლში „ვალენსიას“ გამარჯვება განაპირობა ბოლო 17 წელიწადში პირველად. მან ქულები მოიპოვა ლა ლიგაში მეორე ადგილზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ. მეკარის მხოლოდ ასეთი თამაშით იყო შესაძლებელი „ბერნაბეუზე“ გამარჯვება. „რეალი“ დაჟინებით ცდილობდა გატანას, 17-ჯერ დაარტყა, მათ შორის, 9-ჯერ კარში, მამარდაშვილმა ყველა დარტყმა მოიგერია, გარდა ვინისიუსის გოლისა, რომელიც კუთხურს მოჰყვა.

და ეს უბრალო სეივები არ იყო: 8 სეივიდან 5 ღირებული იყო: მბაპეს დარტყმა ზედა კუთხეში პირველ ტაიმში, ვალვერდეს ერთი შეხებით დარტყმა, როცა „ბერნაბეუზე“ ყველას უკვე გოლი ეგონა, დასწრება ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, ერთი-ერთზე რიუდიგერთან დამატებით დროში, როცა ტაბლოზე უკვე 1:2 იყო და განსაკუთრებით პენალტი ვინისიუსის წინააღმდეგ.

პენალტამდე ვინისიუსს მეკარემ სანაძლეო შესთავაზა 50 ევროზე. ბრაზილიელიც დათანხმდა და ფსონი წააგო. რა თქმა უნდა, ქართველმა იხუმრა, რომ მას ფული არ გადაუხდია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ „რეალთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის - პენალტიც. „ვალენსია“ ბოლო ხუთ ტურში დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე), 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „სევილიასთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061236