„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ბეტისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რეალის“ წაგებით „ბარსამ“ ნაწილობრივ ისარგებლა, სამით ვერ, მაგრამ ერთი ქულით გაზარდა უპირატესობა. გერმანელი სპეციალისტი სიტუაციას ზუსტად ასე უყურებს და არ ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა შანსი ვერ გამოიყენა:
„გუნდს ვუთხარი, რომ ერთი ქულით მეტი გვაქვს და ერთი ტურით ნაკლები დარჩა სეზონის ბოლომდე, ეს დადებითი ფაქტორია. რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, ყველანაირად ვცდილობდით მოგებას. თამაშით კმაყოფილი ვარ, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი იმით, რაც მეორე ტაიმში ვნახე. ცხადია, მოგება გვინდოდა, მაგრამ ამ მომენტში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში მყოფ გუნდს ვეთამაშეთ”, - თქვა ფლიკმა.
აღსანიშნავია, რომ მწვრთნელისგან განსხვავებულად ფიქრობს ფრენკი დე იონგი, რომელიც იმედგაცრუებული იყო: „ფრე რა თქმა უნდა, კარგი შედეგი არაა. გამარჯვება გვინდა, განსაკუთრებით, სახლში, ამიტომ, იმედგაცრუებული ვარ. ჩემი აზრით, ორი ქულა უფრო დავკარგეთ, ვიდრე ერთი მოვიპოვეთ“.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ 4 ქულით უსწრებს, სეზონის ბოლომდე კი, 8 ტურია დარჩენილი.