„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ვალენსიას“ მადრიდში 17 წელია, რაც არ მოუგია. ასევე, გაიხსენა მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩი, რომელშიც მის გუნდს ხოსე გაია, გიორგი მამარდაშვილი და პეპელუ არ ჰყავდა, რომლებიც „ვალენსიასთვის“ დიდ ძალას წარმოადგენენ.
„ჩვენ ვიცით მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაშის მოთხოვნები. „ვალენსიას“ 17 წელია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ მოუგია, ეს მეტყველებს სირთულეზე, რადგან, ვიმეორებ, 17 წელია იქ არ მოგვიგია. თუმცა, ფეხბურთელები მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გააკეთონ.
ეს ლა ლიგის მატჩია და „ვალენსია“ ლა ლიგის დონის გუნდია. ჩვენ და „რეალი“ სხვადასხვა მიზნებისთვის ვიბრძვით, ისტორია სირთულეზე მეტყველებს, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ. „მესტალიაზე“ „რეალთან“ კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ პეპელუ, გაია და მამარდაშვილი გვაკლდა“, - თქვა კორბერანმა.
„ვალენსიამ“ „რეალთან“ 4 იანვარს საკუთარ მოედანზე ითამაშა და 1:2 წააგო, არადა, 85-ე წუთამდე იგებდა. „ღამურები“ ლა ლიგაში 28 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-15 ადგილზე არიან. „რეალი“ – „ვალენსიას“ მატჩი 5 აპრილს, 18:15 საათზე გაიმართება.