„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მეოთხედფინალში სტუმრად „ბორნმუთი“ 2:1 დაამარცხა.
მე-14 წუთზე ერლინგ ჰოლანდმა პენალტი ვერ გაიტანა, რასაც 7 წუთში მასპინძლების გოლი მოჰყვა - ევანილსონმა „ალუბლები“ დააწინაურა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარში „სიტიმ“ მაინც მოახერხა სიტუაციის შეცვლა. ანგარიში სწორედ ჰოლანდმა გაათანაბრა, რომელმაც შეცდომა გამოასწორა. ნორვეგიელმა მალევე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მის ნაცვლად თამაშში ომარ მარმუში ჩაერთო, რომელმაც ორ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა. გვარდიოლას გუნდი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ნახევარფინალში გავიდა ბირმინგემის „ასტონ ვილაც“, რომელმაც გასვლაზე „პრესტონი“ 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა მარკუს რაშფორდმა, მან „ვილა პარკელთა“ რიგებში პირველი გოლები გაიტანა.
ნახევარფინალშია „ნოტინგემიც“, რომელმაც სტუმრად „ბრაიტონი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო „კრისტალ „პალასმა“ ასევე გასვლაზე აჯობა „ფულჰემს“ – 3:0.
ნახევარფინალში 26 აპრილს, „კრისტალ პალასი“ – „ასტონ ვილას“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ – „ნოტინგემს“, ფინალი კი, „უემბლიზე“ 17 მაისს გაიმართება.