„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „ჯენოასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია, მაგრამ ამიერიდან უფრო მეტი ინტენსივობით უნდა იმუშაონ.
„რა ემოცია დამეუფლა, როცა სტადიონზე ბანერი დავინახე, რომელზეც ეწერა, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება? ძალიან ლამაზი. თუმცა, გამარჯვება კიდევ უფრო ლამაზი იყო, რადგან აქ გამარჯვებაა მოსაპოვებელი. გამარჯვება უფრო ლამაზია, ვიდრე ემოციები.
შეგვეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ 1:0-იც კარგია, რაც მენტალურად ზოგჯერ უკეთესიც კია. კოპმაინერსი არ არის კარგ მომენტში, ეს აშკარაა, მაგრამ ის ძლიერი ფეხბურთელია და ეს პერიოდი შრომით უნდა გადალახოს, ფიზიკური და მენტალური მუშაობით.
ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი მატჩით, გარკვეული ენთუზიაზმი იყო, მაგრამ 2-3 ვარჯიშით ბევრი არაფერი იცვლება. ახლა უფრო ვერტიკალურად და განსხვავებული ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, ამიტომ მიხარია. დამსახურებულად მოვიგეთ, ორშაბათიდან მუშაობას სერიოზულად დავიწყებთ“, - თქვა ტუდორმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 55 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „რომას“ ესტუმრება.