ფეხბურთი

11:40 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ლუის ენრიკეს ჩემი რჩევები არ სჭირდება"
"როცა ჩემპიონი დაუმარცხებლად ხდები, ისტორიაში შედიხარ, მაგრამ მთავარი მაინც ტიტულების მოგებაა"

ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, თუმცა საუბარი იტალიურ კლუბს არ ეხებოდა, არამედ, ჩემპიონატის მოგებას დამარცხების გარეშე.

საქმე ისაა, რომ ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენი“ 27 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და დიდი შანსია, რომ ჩემპიონი ისე გახდეს, საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წააგოს. ანტონიო კონტემ 2011-2012 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი „იუვენტუსს“ წაგების გარეშე მოაგებინა და სწორედ ამ გამოცდილებაზე ისაუბრა:

„სეზონში დაუმარცხებლობა წარმოუდგენელია და ეს არის ის, რასაც არასდროს გეგმავ. იმ სეზონში ჩვენ იტალიის თასის ფინალშიც გავედით, სადაც „ნაპოლისთან“ დავმარცხდით და ეს ჩვენი ერთადერთი წაგება იყო სეზონში.

იმ მომენტიდან, როცა გავლიდერდით, მხოლოდ ჩემპიონობა მაინტერესებდა, სკუდეტოსთვის ბრძოლა მიმდინარეობდა და „მილანი“ მოქმედი ჩემპიონი იყო, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავდა. ისინი ფავორიტები იყვნენ, იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა, ნესტა, გატუზო, რობინიო ჰყავდათ. თავიდან ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა იყო. სეზონის დასკვნით ნაწილში „მილანის“ უკან ვიყავით და იმ მომენტიდან მიზანი ჩემპიონობა გახდა. ჩვენ ძალიან მოტივირებული ვიყავით და შედეგად, მოვახერხეთ ჩემპიონობა მატჩის წაგების გარეშე.

მაშინ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვთამაშობდით, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდის. ეს არის ტურნირი, რომელიც ენერგიას გართმევს და ლოგიკურად ფეხბურთელები მასზე იფიქრებენ, როცა საფრანგეთში ტიტულს გაიფორმებენ. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი ტიტულების მოგებაა, კარგია დაუმარცხებლად დარჩენა, ისტორიაში შედიხარ, მაგრამ ყველაზე მეტად ტიტულები ფასობენ.

მწვრთნელი მშვიდი არ უნდა იყოს, ის გუნდის თერმომეტრია, ნებისმიერი დაძაბულობა უნდა იგრძნოს, მოტივაციის დავარდნა, უნდა შეძლოს ყველა გამოაფხიზლოს და გუნდის კონცენტრაცია შეინარჩუნოს. თუმცა, ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ჩემი რჩევები არ სჭირდება“, - თქვა კონტემ.

0.128385