ფეხბურთი

20:44 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „ვოლფსბურგი“ 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ფრანკ შმიდტის გუნდმა მარვინ პიერინგერის გოლით მოიგო, რომელმაც მე-16 წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი. სტუმრებმა დარჩენილ დროში უპირატესობა შეინარჩუნეს და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ კარგი მატჩი ჰქონდა, გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აჯობა. ბოლოსკენ დაზიანება მიიღო, ჯერ უცნობია, რა ხარისხის. ქართველ თავდამსხმელს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი - 12 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტი.

„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ ორი მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა ჯერ პლეი-აუტის ზონაშია, 22 ქულით მე-16 ადგილზე, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს.

0.070089