ფეხბურთი

10:25 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "არაფერი დასრულებულა, ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „სტრასბურთან“ მატჩის (2:4) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

„რთულია, კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. მათ გოლის გატან მოახერხეს და შემდეგ თამაში გართულდა. არაფერი დასრულებულა, 7 თამაში დარჩა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, გვინდა, რომ ეს ადგილი მოვიპოვოთ. მომდევნო მატჩშივე მოგვიწევს რეაგირების მოხდენა „ლილის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგიმ.

ქართველმა ფორვარდმა ბოლო ორ კვირასა და 5 მატჩში, რომელიც კლუბსა და ნაკრებში ჩაატარა, მოედანი უგოლოდ არ დატოვა - 8 გოლი, 5 საგოლე პასი.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 27 მატჩი, 8 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 45 ქულით მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა, მომდევნო ტურში კი, 5 აპრილს, „ლილს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.115809